უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო,
პატივცემულო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელებო და წევრებო,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
პატიოსანო მამებო, დედებო,
ძვირფასო სტუმრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების, ევროპის ქრისტიანული ეკლესიებისა და საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ამ საიუბილეო წლის სიხარულს.
დღევანდელი კონფერენცია, გამორჩეული ისტორიული მოვლენის გახსენებასთან ერთად, არის ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული გზის, იმ სულიერი და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრება, რომელმაც ჩამოაყალიბა ჩვენი ერის სახე და მისი თვითმყოფადობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა. 1700 წლის წინ ჩვენი წინაპრების მიერ მიღებულმა მტკიცე გადაწყვეტილებამ საქართველოს მყარად განუსაზღვრა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა შორის.
ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში უფლის კვართის ფლობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობით ჩაეყარა საფუძველი ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოებ ამ მრავალსაუკუნოვან გზას. წმინდა მოციქულთა – ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის და მატათას – ქადაგებებით ეზიარა ქართველი ხალხი ქრისტეს ნათელს, მოგვიანებით კი, IV საუკუნეში, მოციქულთასწორის, ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა ჩვენმა ერმა გულში მაცხოვრის რწმენა.
ქრისტიანობა იქცა არა მხოლოდ ადამიანის სულიერი ცხოვრების, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი აზროვნების განმსაზღვრელად; მან ჩამოაყალიბა უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერის მსოფლმხედველობა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდენტობა; ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენდა და განვითარდა მთელი შემდგომი ქართული მწერლობა, ხელოვნება, კულტურა, განათლება და საზოგადოებრივი აზროვნება; ქრისტიანობამ მოგვცა უამრავი მოღვაწე და წმინდანი, დიდი და თავდადებული ადამიანი…
მას შემდეგ მრავალმა ქარტეხილიანმა საუკუნემ განვლო, მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყანა აღიგავა პირისაგან მიწისა და ჩაიკარგა დროის მდინარებაში, მაგრამ ქრისტეს რწმენით ნასაზრდოებმა და ქრისტიანული ღირებულებებით შეჭურვილმა ქართველმა ერმა მაინც შეძლო, შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ენა და მამული.
ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას.
ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ისტორიით ოდითგანვე სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ბიზანტიის, ქრისტიანული აღმოსავლეთის და ევროპის მდიდარი საღვთისმეტყველო, ინტელექტუალური და კულტურული აზროვნების საერთო სივრცეში. ამ კავშირით ქართველმა ერმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, ამავე დროს კი, გამორჩეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ქრისტიანობის სულიერ საგანძურში.
თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივ ფასეულობები.
ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც, დროის წარმავლობის მიუხედავად, არ იცვლება.
დიდად მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი და ტრადიციული ღირებულებები.
რაოდენ სასიამოვნოა, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენს სიტყვაში განსაკუთრებით აღნიშნეთ ამ ფასეულობების შესახებ.
ოჯახი არის ის გარემო, სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემასა და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არა მხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობისა და ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს.
დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ურთიერთპატივისცემით შეძლონ მსჯელობა ასეთ თემებზე. ეს დიდად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანული სწავლების უფრო ღრმად გააზრებას, ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერასა და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
გისურვებთ, რომ კონფერენციის მუშაობა სწორედ ამ ხედვით წარიმართოს და კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყნის, ადგილი და მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
„ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქუენ თანა“ (ფილპ. 4, 9). ამინ!
თბილისი
2 ოქტომბერი, 2026 წელი
ფოტო: საქართველოს მთავრობა