ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაყენებაზე იქნება მსჯელობა, „ცალსახა დანაშაულია“. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებაში მედიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია „ინფექციაა, რომელმაც შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს”.
„ვაქცინა დაკავშირებულია აცრასთან. ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ მცირე დოზით ავადმყოფობა იმისთვის, რომ გამოიმუშაოს იმუნიტეტი. თუ ექიმს შეეშალა და ინფექცია დიდი დოზით შეიყვანა, შეიძლება ამან ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. თქვენ აკეთებს ამას ჟურნალისტები – ვირუსი მარტო ფიზიკური არ არის. თქვენ რა ინფორმაციასაც ავრცელებთ საზოგადოებაში, ეს ინფექციაა, რომელმაც შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს. ვიღაცამ სისულელე წამოროშა და ყველამ აიტაცეთ და იმეორეთ „პრორუსული ეპისკოპოსები აპირებენ პატრიარქის გადაყენებას“. ეს არის სამარცხვინო! თქვენ ავრცელებთ ძალიან ცუდ ინფექციას, რომელიც საზოგადოებას აზიანებს, მაგრამ თუ ჩვენ, საზოგადოებამ, თქვენ მიერ გავრცელებული ვირუსი გადავიტანეთ, ჩვენ ამაზე ავიცრებით, ცოტა ხნის შემდეგ ამას ვერ გააკეთებთ. ნუ იქცევით ასე, ნუ ავრცელებთ ასეთ უმსგავსობას. ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ მითხრეს, პრევენციული განცხადებაა, რომ ასე არ მოიქცეთო, ანუ აცრა გაგვიკეთეს ჩვენ. აცრა არ გვჭირდება. ვეცდებით, სწორად ვიაზროვნოთ. ყოველგვარი ასეთი ხმების გავრცელება პატრიარქთან დაკავშირებით, ცალსახა დანაშაულია. დანაშაულია ისიც, როდესაც ამის ტირაჟირებას ახდენთ“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
რამდენიმე დღის წინ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, „რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენება იგეგმება“.
