17 Σεπτεμβρίου, 2025

მსოფლიო პატრიარქის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან

Διαδώστε:

ორშაბათს, 15 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და გულითად ატმოსფეროში წარიმართა. პრეზიდენტმა ტრამპმა ინტერესი გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მრავალგვარი ინიციატივებისა და თურქეთში ქრისტიანთა ცხოვრების მიმართ.

შეხვედრის მიმდინარეობისას პატრიარქმა ბართლომემ სიხარული გამოთქვა პრეზიდენტ ტრამპის მცდელობების გამო მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი უკრაინაში, მშვიდობის დასამყარებლად. მათ ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ქრისტიანთა მდგომარეობა.

საუბარი აგრეთვე შეეხო რომის პაპ ლეონ XIV-ის მომავალ ვიზიტს თურქეთში, რათა მან მსოფლიო პატრიარქთან ერთად პატივი მიაგოს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავს. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც აღმსარებლობით რომაული კათოლიციზმის მიმდევარია.

პატრიარქმა ბართლომემ პრეზიდენტ ტრამპს მიუსამძიმრა თავისი მეგობრისა და თანამშრომლის, ჩარლი კირკის გარდაცვალება, აგრეთვე მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისა და საჩუქრისათვის.

ოვალურ კაბინეტში პატრიარქისა და პრეზიდენტის შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფორე და მსოფლიო საპატრიარქოს სხვა სასულიერო პირები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები.

sazu.ge

Διαδώστε: