01 Μαρτίου, 2022

მსოფლიო პატრიარქი 82 წლის შესრულდა

Διαδώστε:

2022 წლის 29 თებერვალს მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 82 წლის შესრულდა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს თურქეთის კუნძულ იმვროსზე. დაწყებითი სკოლა დაამთავრა იმვროსზე, ხოლო საშუალო – სტამბოლში. 1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961–1963 წწ. მსახურობდა თურქეთის არმიაში.

1961 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ბართოლომეოსი. 1961 წლის 13 აგვისტოს აკურთხეს ბერდიაკვნად. 1963-1968 წწ. მსოფლიო საპატრიარქოს სტიპენდიით სწავლობდა რომის აღმოსავლეთმცოდნეობის პონტიფიკალურ ინსტიტუტში. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კანონიკურ სამართალში შვეიცარიის მსოფლიო საპატრიარქოს ინსტიტუტში თემაზე „წმიდა კანონებისა და კანონიკურ განწესებათა კოდიფიკაციის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში“. ამავე წელს დაინიშნა ხალკის საღვთისმეტყველოს სკოლის დეკანის თანაშემწედ. 1969 წლის 19 ოქტომბერს ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად. 1972 წლიდან მუშაობდა მსოფლიო პატრიარქის კაბინეტის გამგედ. 1973 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ხელდასხმულ იქნა ფილადელფიის მიტროპოლიტად. 1974 წელს აირჩიეს წმიდა სინოდის წევრად. 1990 წლის 14 იანვარს გადაყვანილ იქნა ქალკედონის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ ქალკედონიელი მიტროპოლიტი ბართოლომეოსი აირჩია მსოფლიო პატრიარქად. ამავე წლის 2 ნოემბერს სტამბოლის ფანარის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება;

ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, ორდენითა და პრემიით. არის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მათ შორის – თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებისა;

ფლობს ბერძნულ, თურქულ, ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს;

მისი ინტრონიზაცია მოხდა 2 ნოემბერს.

wenews.ge

Διαδώστε: