23 Δεκεμβρίου, 2025

საპატრიარქოში ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

Διαδώστε:

ამა წლის 22-23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია – ,,ოკუპირებული აფხაზეთი – კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები“.

ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლისთავს.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის მხარდაჭერით.

კონფერენცია გახსნა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბატონმა გივი მიქანაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა ლია გიგაურმა, მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ომერ ფარუქ დემირტაშმა (თურქეთი, ონლაინჩართვა).

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების რექტორები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგებლები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
22 დეკემბერს ღონისძიების დასასრულს გადახდილ იქნა პანაშვიდი აფხაზეთში დაღუპულების სულთა საოხად.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სამეცნიერო კონფერენციები სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით პერიოდულად იმართება საქართველოს საპატრიარქოში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, რეალური ისტორიის პოპულარიზაციას, ისტორიული საკითხების გაანალიზებას და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობას.

გთავაზობთ კონფერენციის პროგრამას:

ლია ახალაძე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ძეგლის ენა, იდენტობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემები ოკუპირებულ რეგიონებში

რეცენზია ჯემალ გამახარიას ისტორიულ – წყაროთმცოდნეობით მონოგრაფიულ კვლევაზე „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) და აფხაზეთი“
ჯემალ გამახარია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციის საკითხისათვის

ნონა ქარაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში

ეკა წივწივაძე, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი – საინფორმაციო პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში – დეზინფორმაცია და სამშვიდობო ჟურნალისტიკის გამოწვევები

მერი გაბედავა, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საჯარო დისკურსი და კონტრსაჯარო სფერო აფხაზეთში რუსეთის იმპერიის კოლონიური რეჟიმის პირობებში (1810-1917 წწ.)

ზაზა წურწუმია, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი – თურქეთის აფხაზური დიასპორა და რეპატრიაციის საკითხები ოკუპირებულ აფხაზეთში

ბეჟან ხორავა, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი – მუჰაჯირობის პრობლემა და თანამედროვე გამოწვევები

ნინო ხიმშიაშვილი, თურქეთელი ქართველების ევროპული დიასპორა (გერმანია, ონლაინჩართვა) – ილია ხიმშიაშვილი და ეპპელჰაიმის „საქართველოს მოედანი“

ომერ ფარუქ დემირტაში, მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი (თურქეთი, ონლაინჩართვა) – ქართული და აფსუური დიასპორების ურთიერთობის საკითხი თურქეთში

სეზენ გონენჩი, სტამბოლის შოთა რუსთაველის ასოციაცია (თურქეთი, ონლაინჩართვა) – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები თურქეთის სოფლებში

ფეჰმი უზალი (უსტიაშვილი), სტამბოლის ქართული ცენტრის ხელმძღვანელი (თურქეთი, ონლაინჩართვა) – ქართულ-აფხაზური ურთიერთობისათვის

აჰმედ შენი, ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოება (თურქეთი, ონლაინჩართვა) – ქართულ-აფხაზური კავშირები ინეგოლში

ნინო ოქროსცვარიძე, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

წიგნის პრეზენტაცია: „ჰაიდელბერგული ჩანაწერები, ილია ხიმშიაშვილი – გზა თურქეთიდან გერმანიამდე“

sazu.ge

Διαδώστε: