20 Οκτωβρίου, 2022

ფოტოგამოფენა „საქართველოს ციხე-სიმაგრეები – ახალი შინაარსის მოლოდინში“

Διαδώστε:

დღეს, 2022 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში მოკვლევის შედეგების პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „საქართველოს ციხე-სიმაგრეები – ახალი შინაარსის მოლოდინში“ გაიმართა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან გამოფენას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები: სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი დავით ტატანაშვილი, დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი და დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი.
გამოფენაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საპარლამენტო პროექტის ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია.
ღონისძიებაზე ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენამდე მოტანილი ისტორიის შენარჩუნება და მოფრთხილება მომავალი თაობისთვის უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა.
საგულისხმოა, რომ ამ საერთო ინტერესმა და ზრუნვის საგანმა პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი გააერთიანა.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის – ციხე-სიმაგრეების, კოშკების, გალავნების და ციხე-დარბაზების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა და ამ მემკვიდრეობის ახალი ფუნქციითა და შინაარსით დატვირთვის პერსპექტივების განხილვა. მოკვლევის ფარგლებში ჯგუფმა შეისწავლა კულტურული მემკვიდრეობის ამ სეგმენტის ქართული და საერთაშორისო მართვის მოდელები და მაგალითები.
ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ნებისმიერი ტიპის ქმედება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად კი ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორი თანამშრომლობა და
სწორი პოლიტიკის გატარება.
თემატური მოკვლევა საქართველოს საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე საინტერესო შედეგებს მოიტანს, რაც შემდგომში ამ მიმართულებით მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები კი აღსასრულებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: