საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში განახლდა შეხვედრები ნარკოდამოკიდებულების, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც წარმართავენ ფსიქოლოგები და სასულიერო პირები.
აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველ ჯერზე მრავალი მოზარდი ესწრება და ამ დროისთვის მათი რიცხვი 5000-ზე მეტს აღწევს.
შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 19 ივლისს შაორის ბანაკში შედგა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და ფსიქოლოგმა ზაზა კალანდარიშვილმა გამართეს ერთობლივი ლექცია ნარკოდამოკიდებულების, ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
