ამა წლის 4 თებერვალს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) დაბადებიდან მე-200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე.
მოხსენებებით წარდგნენ:
1. მერაბ კეზევაძე – ისტორიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – საეკლესიო მშენებლობა იმერეთის ეპარქიაში გაბრიელ ეპისკოპოსის მმართველობისას (1860-1896 წწ.)
2. შალვა კირთაძე – ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი, იმერი ბასილაძე – პედაგოგიკის დოქტორი, პროფესორი (აწსუ) – სრული განათლების კონცეფცია წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის პედაგოგიკურ ნააზრევში.
3. ლევან ტყეშელაშვილი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი – სქემმონაზონ ბესარიონის წერილები ძმას, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს ათონის მთიდან (სულიერ-ზნეობრივი ანალიზი).
4. ირაკლი ლორთქიფანიძე – ისტორიის დოქტორი, პროფესორი – იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამაარსებელი.
5. ვლადიმერ წვერავა – ისტორიის დოქტორი, პროფესორი (აწსუ) – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მისიონერი აფხაზეთში.
6. ლაშა დეისაძე-შარვაშიძე – ისტორიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი (აწსუ) – ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარიის დაარსება.
