04 Φεβρουαρίου, 2026

ხუთვარსკვლავიანი კომპლექსი სინას მონასტრის იერსახეს ცვლის

Διαδώστε:

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „Libération“-ის ბოლო ნომერი სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს ისტორიული მართლმადიდებლური მონასტრის მომავალს თითქმის გარდაუვალ და შეუქცევად მდგომარეობაში წარმოაჩენს.

ვრცელ რეპორტაჟში საუბარია „გიგანტურ ტურისტულ პროექტზე“, რომელსაც ეგვიპტის მთავრობა მოსეს მთის ძირში, სინას ნახევარკუნძულის გულში ახორციელებს. სტატიის თანახმად, აღნიშნული ინიციატივა „საფრთხეს უქმნის ბედუინების ცხოვრების წესს და იმ სავანის ავტონომიას, რომელშიც ‘მაყვლის ბუჩქია’ მოქცეული“.

ამავდროულად, საეკლესიო წყაროები იუწყებიან, რომ სინას საძმო „დამწუხრებულია”. ამჟამად მონასტერში მხოლოდ შვიდი ბერი იმყოფება, რადგან მათი თანამოსაგრეები, რომლებიც ათენში ყოფილ მთავარეპისკოპოს დამიანეს გაჰყვნენ, ეგვიპტეში ჯერ არ დაბრუნებულან. ათენში მყოფი ბერები აცხადებენ, რომ მონასტერში დარჩენილმა ძმებმა პირობა არ შეასრულეს და მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელები არ გააუქმეს, რის გამოც ეგვიპტეში დაბრუნების შემთხვევაში მათ დაკავების საფრთხე ემუქრებათ.

ასევე საგულისხმოა, რომ მონასტერში მყოფი ბერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი მთავარეპისკოპოსის, სვიმეონ პაპადოპულოსის მიმართ, რომელიც დროის უდიდეს ნაწილს ათენსა და პირეოსში ატარებს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მონასტერში საჭურჭლისმცველის (სკევოფილაქსის) მოვალეობასაც კი ბედუინი ასრულებს!

გარდა ამისა, ეგვიპტის მთავრობას ჯერ კიდევ არ გამოუცია საპრეზიდენტო განკარგულება ახალი მთავარეპისკოპოსის აღიარების შესახებ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბერებს ვიზებს ყოველთვიურად უგრძელებენ, რაც მათ მუდმივი დეპორტაციის შიშის ქვეშ აყენებს.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, საბერძნეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე სინას მონასტრის საკითხი განიხილეს და მიღწეულია „საერთო ურთიერთგაგება“, თუმცა, მონასტრის სტატუსთან და უძრავი ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული საბოლოო სამართლებრივი დეტალები უშუალოდ ეგვიპტის მთავრობასა და მონასტრის საძმოს შორის უნდა გადაწყდეს.

„ბულდოზერების ხმაური“ წმინდა მთაზე

„წმინდა მთის დუმილს ბულდოზერების ხმაური არღვევს“, – აღნიშნავს „Libération“-ი. ეგვიპტის მთავრობას სურს, რომ პროექტ “დიდი ფერისცვალების” ფარგლებში წმინდა ეკატერინეს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მომლოცველთა და ბედუინთა ისტორიული თავშესაფარია, „ტურისტულ და კულტურულ ცენტრად“ აქციოს.
თითქმის დასრულებული პროექტი მოიცავს:

ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, კერძო კოტეჯებს, ვიზიტორთა გიგანტურ ცენტრს, აეროპორტსა და საბაგირო გზას მოსეს მთაზე.

გასაკვირია, რომ ახალი მთავარეპისკოპოსი სვიმეონი ამ ტურისტულ პროექტს მიესალმება.

ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში მან უარყო მიწების ნაციონალიზაციასთან დაკავშირებული შიშები: „სიტყვა ,მიწა’ არ მომწონს. განა შეიძლება ამას ვუწოდოთ უბრალოდ უდაბნოს ნაწილი, სადაც წმინდა მთა, ანტიკური ტაძრები და ისტორიული მონასტერი მდებარეობს? არ მგონია. ეგვიპტის მთავრობას არანაირი ზეწოლა არ გამოუჩენია; ტურიზმის განვითარება დადებითი მოვლენაა, რადგან რეგიონს „გამოცოცხლების“ საშუალებას აძლევს.

სტატიის თანახმად, მონასტრის ირგვლივ არსებული დუმილი საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის არსებულ სტრატეგიულ ენერგეტიკულ ინტერესებსა და პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება, რამაც გავლენა მთავარეპისკოპოსის არჩევის პროცესზეც მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ მიწების ნაციონალიზაციის მცდელობამ მხარეებს შორის მწვავე კონფლიქტი გამოიწვია, საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება სამონასტრო კომპლექსისა და წმინდა ადგილების სტატუსის ხელშეუხებლობის შესახებ.

sazu.ge

Διαδώστε: