„სიყვარულით პატრიარქს“ – ამ სახელწოდებით ამა წლის 29 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შესრულდა ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები, აგრეთვე კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლების საგუნდო და საორკესტრო ვერსიები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, საოპერო დასის სოლისტები, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის და ანსამბლი „ბასიანი“ გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის გოგონათა გუნდი, ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ბავშვთა აკადემიური გუნდი და სპეციალური სტუმრის სტატუსით, ქართველი სოპრანო – იანო ალიბეგაშვილი.
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორია ზვიად ბოლქვაძე.