23 Ιουλίου, 2025

დასრულდა სასულიერო პირებისთვის ‘ღირებულებითი განათლებისა’ და ‘სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების’ შესახებ ორდღიანი ტრენინგის პირველი ეტაპი

Διαδώστε:

ამა წლის 21 და 22 ივლისს ბოლნისის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის ჩატარდა საბაზისო ტრენინგი ,,ღირებულებითი განათლებისა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების” შესახებ, რითაც დასრულდა აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლნისის ეპარქიასთან ერთად გადამზადება გაიარეს ზუგდიდისა და ცაიშის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ვანისა და ბაღდათის, სურამისა და ხაშურის, გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიათა სასულიერო პირებმა.

აღნიშნული პროექტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ,,ღირებულებითი განათლების” ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც დღეს მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.

სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებს; ტრენინგში ჩართული იყო ფსიქოლოგი, რომელმაც ისაუბრა მოზარდების ასაკობრივი თავისებურებების, მოტივაციის ხელშეწყობისა და ემოციური კავშირის მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო პროცესში.

ტრენინგი მიმდინარეობდა ინტენსიურ რეჟიმში — ინტერაქციული მეთოდებით, დისკუსიებითა და პრაქტიკული დავალებებით, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებას.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

sazu.ge

Διαδώστε: