დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. „ბიბისის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის, ასევე, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილებისთვის.
„ჩვენი სამიზნე არის პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინას წარმოუდგენელი ტანჯვა მიაყენეს, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვები ასევე დაუწესა რუსული კომპანიის „ვოლგა-დნეპრის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ისაიკინს, 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოთხ პოლკოვნიკს.
როგორც მედია წერს, „შავ სიაში“ მოხვდა უკრაინის რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობენ.
