24 Αυγούστου, 2026

ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს სინის მთის მონასტერს ეგვიპტის სასამართლოში

Διαδώστε:

როგორც orthodoxianewsagency.gr იუწყება, საბერძნეთის პარტია „პასოკ“-ის ოთხმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიას წარუდგინა წერილობითი მოთხოვნა, რაც უკავშირდება ეგვიპტეში სინის წმინდა ეკატერინეს მონასტრის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ეგვიპტის საკასაციო სასამართლოში საქმის მოსალოდნელ საბოლოო განხილვას.

ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს სავანის იურიდიული პირის სტატუსის არაღიარების გამო. ასევე იმის გამო, რომ ეგვიპტის ხელისუფლებას აქამდე ოფიციალურად არ უცნია კანონიკურად არჩეული მთავარეპისკოპოსი და მონასტრის წინამძღვარი, რაც სავანეს ართმევს შესაძლებლობას, სასამართლოში ეფექტიანად დაიცვას საკუთარი უფლებები.

მიმართვის ავტორები ევროკომისიისგან ითხოვენ პასუხს, იყო თუ არა გათვალისწინებული ეს გარემოებები ეგვიპტის მიმართ ბოლო დროს გაკეთებული დადებითი შეფასებისა და ქვეყნის ევროპული დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. გარდა ამისა, ითხოვენ განმარტებას, შეესაბამება თუ არა ეგვიპტის ხელისუფლების ქმედებები რელიგიური თავისუფლების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს.

„ევროკავშირი ვალდებულია, თანმიმდევრული იყოს მის მიერ დეკლარირებულ პრინციპებთან. ნებისმიერი პარტნიორობა გულისხმობს ძირითადი უფლებების, რელიგიური თავისუფლებისა და ევროპული, იმავდროულად კი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას“, – განაცხადეს დეპუტატებმა.

 

sazu.ge

Διαδώστε: