მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, სამშაბათს, 2026 წლის 21 ივლისს, გულთბილად და ძმური სიყვარულით შეხვდა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს, რომელიც მსოფლიო საპატრიარქო საყდარს ეწვია.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უწინდელი მოწვევების საპასუხოდ უნეტარესმა გასულ დღეებში მსოფლიო საპატრიარქოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა.
იერუსალიმის პატრიარქს მსოფლიო საპატრიარქოს შესასვლელთან მიბრძანებისას, სადღესასწაულო ზარების რეკვის ფონზე საპატრიარქო კარის სასულიერო პირები დახვდნენ, საპატრიარქოს პროტოსინგელოზის, ანკვირიის მიტროპოლიტ გრიგოლის ხელმძღვანელობით.
საპატრიარქო ტაძრის მოლოცვის შემდეგ იგი საპატრიარქო რეზიდენციაში ავიდა, სადაც მას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ელოდებოდა.
შეხვედრას მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან ესწრებოდნენ პრიკონისის მიტროპოლიტი იოსები, ანკვირიის მიტროპოლიტი გრიგოლი, ქსანთუპოლისის ეპისკოპოსი პაისი, აგრეთვე საპატრიარქო კარის სასულიერო პირები და თანამშრომლები, ხოლო იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან – ანთიდონის მთავარეპისკოპოსი ნექტარიოსი – წმიდა საფლავის რწმუნებული კონსტანტინოპოლში, პატრიარქის არქიდიაკონი მარკოზი და სხვა თანამშრომლები.
ამის შემდეგ ორი წინამძღვრის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ საშუალება მიეცათ საეკლესიო და სხვა აქტუალური, ორმხრივი ინტერესის საკითხები განეხილათ.
მისმა ყოვლადუწმინდესობამ უნეტარესს დაუდასტურა როგორც პირადად მისი, ასევე მართლმადიდებლობის პირველსაყდრის – კონსტანტინოპოლის ეკლესიის დაინტერესება წმინდა მიწაზე ქრისტიანთა მდგომარეობით და გამოთქვა სურვილი, რომ მრავალტანჯულ ახლო აღმოსავლეთში იქ მცხოვრები ყველა ხალხის საკეთილდღეოდ მშვიდობა დამყარდეს.
შეხვედრის დასრულებისთანავე, მისმა ყოვლადუწმინდესობამ უნეტარესისა და მის თანმხლებ პირთა პატივსაცემად ვახშამი გამართა.
უნეტარესი პატრიარქი თეოფილე იერუსალიმში 22 ივლისს დაბრუნდება.
