02 Απριλίου, 2026

მეუფე შიო: ‘მისი უწმინდესობა გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, განაგრძობს ქადაგებას, განაგრძობს ჩვენს გაერთიანებას’

Διαδώστε:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საფლავზე აღსრულებული პანაშვიდის შემდეგ

ღმერთმა განუსვენოს სულსა ახლად შესვენებულისა მონისა ღვთისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, ილიასი, საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისთა განუსვენოს.

ძვირფასო მეუფენო,
მამანო, დედანო,
ძმებო და დებო!

აი, ჩვენ ვდგავართ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საფლავთან. არ ვგეგმავდით სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ ალბათ მაინც საჭიროა, რამდენიმე სიტყვა ითქვას.

იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში, იმდენად მრავლისმომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ალბათ ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში ეს საქმეები განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყვნენ. და აი, უწმინდესმა ამდენი გააკეთა, ამდენი რამ დაგვიტოვა!

მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც გვქონდა და გვაქვს, მაგრამ მინდა, გავიხსენო ის პირველი წუთები. ალბათ ჩვენი, ყველას პირველი ფიქრი იყო და არის ახლაც (მაგრამ იმ მომენტში განსაკუთრებით), თუ როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ასეთი მამის წასვლის შემდეგ? ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ის იმდენად მასშტაბური იყო, იმდენად ყოვლისმომცველი, რომ ეს აზრი იყო პირველი: როგორ შევძლებთ ამას ყველანი ერთად?

ასევე ვფიქრობდით, ვიცოდით რა, რომ როდესაც წმინდა, მართალი და სულიერი ადამიანი გარდაიცვლება, ამას გლოვასთან ერთად აუცილებლად ახლავს ღვთის მადლიც და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც, ძალის გამოვლინება. და რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ: მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ თაყვანისცემისთვის, თანაგრძნობის გამოსახატავად, გლოვისთვის. ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერსა და ჩვენს ხალხში. ალბათ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში: ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც მისი უწმინდესობა იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, იგი გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, განაგრძობს ქადაგებას, განაგრძობს ჩვენს გაერთიანებას. კიდევ უფრო მეტადაც იგრძნობა ჩვენში ეს სიყვარული ერთმანეთისადმი და, პირველ რიგში, ღვთისადმი.

აი, ეს არის მთავარი სასწაული და მთავარი ნუგეში. ალბათ, მთავარი რამ, რაც მან დაგვიტოვა. ეს არის ცოცხალი სიყვარული, ცოცხალი ეკლესია და დიდი სიყვარული ღვთისა და ერთმანეთისადმი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ჩვენი ზეციური მფარველი იქნება, ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან და შეგვეწევა, რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს, ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და განვაგრძოთ ღირსეულად ჩვენ მსახურება მისი ლოცვა-კურთხევით.

გაგაძლიეროთ კიდევ ერთხელ ღმერთმა და ძალა მოგვცეს.

სიონის საპატრიარქო ტაძარი

23 მარტი, 2026 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

 

sazu.ge

Διαδώστε: