ამა წლის 18 ნოემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქოში ათონის მთის ათანასეს ლავრის წინამძღვარი, კათიღუმენი პროდრომი (ლავრიოტისი) და მისი საძმოს წევრები მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.
საუბარმა გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ დედით ქართველი ათანასე ათონელის ლოცვა-კურთხევით ქართველმა ათონელმა მამებმა დააარსეს ივერთა მონასტერი X საუკუნეში, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში რჩება ორ ეკლესიას შორის დიდი და ძმური ისტორიული კავშირის ნიშანსვეტად; ითქვა ისიც, რომ ჩვენს დროში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა ათონის მთასთან ურთიერთობებს, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება.
სტუმრები საქართველოში 22 ნოემბრამდე დარჩებიან და მოილოცავენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიწმინდეებს, ცნობილ ტაძრებსა და მონასტრებს; 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას კი საზეიმო წირვას აღასრულებენ დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში.