მისალოცი სიტყვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავთან დაკავშირებით
გულითადად გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს.
მადლიერებითა და პატივისცემით ვიხსენებთ იმ ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც ქართველ მეცნიერთა მრავალ თაობას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სულიერი და ინტელექტუალური აღმშენებლობის საქმეში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ დახმარებას უწევს და გვერდით უდგას მეცნიერების განვითარების პროცესს. მეტიც, ეკლესია თავადაც მნიშვნელოვანწილად მონაწილეობს მასში. რწმენისა და ცოდნის სინერგიამ, ურთერთკავშირმა შეაქმნევინა საუკუნეების განმავლობაში ქართულ ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე წმინდა მამებს ის სულიერი და სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული მეცნიერების განვითარებას. ტაო-კლარჯეთის სავანეები, საბაწმინდა, სინას მთა, შავი მთა, ივირონი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, პეტრიწონი, გელათისა და იყალთოს აკადემიები გახლდათ არა მარტო სულიერი ცხოვრების, არამედ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები, სადაც ჩვენი დიდი წმინდა მამები მოღვაწეობდნენ და მრავალმხრივ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდნენ. სწორედ ამ განსაკუთრებული სულიერი და კულტურული საგანძურის მემკვიდრეა დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც მრავალი ათეული წელია ღირსეულად აგრძელებს მრავალ საუკუნოვან ტრადიციებს.
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად ცვლის რეალობას, დღეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნების წინსვლას. ამიტომ, ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რწმენისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების საკითხი.
როგორც ნეტარხსენებული უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არაერთხელ აღნიშნავდა, რწმენა და მეცნიერება ერთმანეთს კი არ უპირისპირდება, არამედ ავსებს ერთმანეთს, „მეცნიერება ღვთისაგან ნაკურთხია: იგი ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა, ოღონდ… მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ამ მეტად რთულ დროს უნდა ვეცადოთ, სწორი მიმართულება მივცეთ ადამიანის გონების ნაყოფს, უნდა ვეცადოთ, რომ მეცნიერულმა წინსვლამ ხელი არ შეუშალოს პიროვნების სულიერ განვითარებას“. ჭეშმარიტი ცოდნა ადამიანს არ აშორებს სულიერ საწყისს, პირიქით, ის ამაღლებს მას და აახლოებს ღმერთთან, როგორც სიბრძნისა და ჭეშმარიტების წყაროსთან.
ამ მხრივ, მეცნიერის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია, იგი უნდა იყოს არა მხოლოდ მცოდნე, არამედ ბრძენი; არა მხოლოდ მკვლევარი, არამედ მსახური სიმართლისა და სიკეთისა. ამავე დროს, ერთიორად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიღრმისეული და ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების წარმართვა, მათი გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის და მომავალი თაობის მეცნიერებით დაინტერესება, რასაც ასე ღირსეულად აღასრულებენ ჩვენი სახელოვანი მეცნიერები.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ეკლესია აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წლების განმავლობაში მუშაობდა მართლმადიდებლური ენციკლოპედიის კომისია. ამჟამად მუშაობს საღვთისმეტყველო საკითხების შემსწავლელი კომისია. ქართველოლოგიური კვლევების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2021 წელს საქართველოს საპატრიარქოში დაარსდა ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი, რომლის მუშაობაშიც არაერთი ქართველი თუ უცხოელი მეცნიერია ჩართული; მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები ქართველოლოგიური მიმართულებით, იბეჭდება ნაშრომები, მონოგრაფიები, თარგმანები. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მუდმივად იმართება საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, კონგრესები რწმენის, ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ეს ყველაფერი განაპირობებს რწმენისა და მეცნიერების, ტრადიციისა და ინოვაციის, წარსულისა და მომავლის გაერთიანებას ქვეყნის საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების საიუბილეო თარიღს, მადლობას გიხდით მრავალწლიანი დაუღალავი ღვაწლისთვის და გისურვებთ, კვლავაც წარმატებით გააგრძელოთ ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოსა და მისი მომავალი თაობების სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის.
✠ შიო III
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
2026 წელი
