უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე დიმიტრი,
ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო!
გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს და ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს.
საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა; ვადიდებთ, ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მას ამისთვის, რომ ინება, მისი წილხვდომილი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი.
დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ, ჩვენს ქვეყანას. ამის მრავალი მაგალითია ჩვენს ისტორიაში და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს ასევე.
დღეს ხარობს ცა და მიწა. ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. ეს არის სიხარული იმისა, რომ უფალმა მოავლინა ამქვეყნად დედა ღვთისმშობელი, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა, სოფლის მხსნელისა.
ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება საეკლესიო დღესასწაულებზე, საეკლესიო ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი თავი – რა გვიხარია, რა გვწყინს, ვხარობთ თუ არა ამ სულიერი სიხარულით, რადგან ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსია, უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ ხოლმე.
თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედა ღვთისმშობლის მოვლინებისა, არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის ის, რისკენაც მოგვიწოდებს უფალი. მაგრამ, ვიმეორებ, ხშირად გვაქვს ხოლმე არასწორი სიხარული, უფრო მიწიური მოვლენების, ღირებულებების გამო. ეს რას ნიშნავს? – ეს მეტყველებს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ვერ ვგრძნობთ ამ სიხარულს, ნამდვილ სულიერ სიხარულს.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია, გულში გავივლოთ უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან რაღაც გულცივობა, გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ეს სიხარული ჩვენში, ნელდება, თითქოს მადლი გვშორდება.
ალბათ მოძღვრები დამეთანხმებიან, ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე გულგრილად, გულცივად ამბობენ აღსარებას, რომ ძალიან შორს არის ეს ნამდვილი სინანულისა და ქრისტიანული განწყობისგან.
ანდა კიდევ, ხშირად გვსმენია, ადამიანები ამბობენ, არ მახსოვს ჩემი ცოდვები, ან ისეთს, დიდს არაფერს ვცოდავო – ვერ გრძნობენ თავიანთ ცოდვებს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს უგრძნობელობა ძალიან მძიმე მდგომარეობა ყოფილა.
აი, მაგალითად, ღირსი ეფრემ ასური წერს, რომ ვერიდოთ ამ გაქვავებულ უგრძნობელობას, რადგან ეს უკვე არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს.
მაგალითად, როცა ფიზიკურად სტკივა რამე ადამიანს, როგორ ვართ ხოლმე? – ყოველთვის გვახსოვს ეს ტკივილი და ვცდილობთ, მალე განვიკურნოთ. და აი, როცა ადამიანი თავისი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა ასეთი უგრძნობელობა. ვიმეორებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
ამრიგად, დღევანდელ დღეს ამაზე უნდა ვიფიქროთ. თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ, ვიმეორებ, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს და ვერ ვგრძნობთ ამ სულიერ სიხარულს, მაშინ გონს უნდა მოვიდეთ და გამოვსწორდეთ, ვევედროთ უფალს, ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გვიხსნას ამ გაქვავებული უგრძნობელობისგან, გვასწავლოს, გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებას.
დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული, ძვირფასო მეუფენო, ძვირფასო მეუფე დიმიტრი, აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება.
მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს უთქვამს, რომ აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი, კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები. აქ იქადაგეს წმინდა მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა, მატათამ, რომლის საფლავიც, გადმოცემის მიხედვით, აქ, სულ ახლოს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამიტომ აჭარა ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებით წმინდა მხარეა.
მრავალი ტკივილი, განსაცდელი და წამება გამოიარეს აჭარლებმა. მტერი მუდამ ცდილობდა, ჩამოეშორებინა აჭარა საქართველოსთვის, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, მაგრამ აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის და სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც. ჩვენ ვხედავთ, როგორი შემობრუნებაა უფლისკენ, ქრისტესკენ, ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ აჭარელ ხალხში ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც დაახლოებით 7 წლის განმავლობაში იყო ამ ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ეწოდებოდა. მან ფეხით შემოიარა თითქმის მთელი აჭარა, ხვდებოდა ხალხს, უქადაგებდა სარწმუნოებას და, შედეგად, დაიწყო ასობით და ათასობით ადამიანის შემობრუნება და მონათვლა, აჭარლები უბრუნდებოდნენ თავიანთი წინაპრების სარწმუნოებას, მართლმადიდებლობას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რა დიდი აღმშენებლობაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აქ მოღვაწეობის შემდეგ, როგორ გრძელდება ეს აღმშენებლობა, რამდენი ტაძარი და მონასტერი აშენდა, რამდენი ადამიანი მოინათლა კიდევ და კიდევ, როგორი საგანმანათლებლო და სოციალური მუშაობა მიმდინარეობს! ამ ყველაფერს სათავეში უდგას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.
ძვირფასო მეუფე, თქვენ უკვე 30 წელია მოღვაწეობთ ასეთი დიდი რუდუნებით, დიდი ენერგიით და აგრძელებთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დაწყებულ საქმეს აჭარაში. მინდა, პირადად ჩემი და ჩვენი სინოდის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ერთგული ღვაწლისა და მოშურნეობისთვის.
მინდა, განსაკუთრებით გამოვყო თქვენი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობა. იმ მოწყალების სავანეებში, სასწავლებლებში ჩვენი ახალგაზრდობა ეუფლება ძალიან ღირსეულ განათლებას, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მოხუცები იღებენ ნუგეშსა და დახმარებას. ეს არის თქვენი დიდი გული, ენერგიისა და მზრუნველობის შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის დიდი სიყვარულით. დიდი მადლობა ყველას!
თქვენ იცით, რომ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ დღეს შევიკრიბეთ აჭარაში, აჭარის გულში, საქართველოს განმანათლებელ აჭარაში, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობა ჩვენთან, აქ მსახურებისა და წირვა-ლოცვის ჩასატარებლად.
ძვირფასო მეუფე, ნიშნად ჩემი სიყვარულისა, ჩვენი დიდი ძმური ურთიერთობებისა და პატივისცემისა, მინდა, გისახსოვროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს პანაღია, დედა ღვთისმშობელი ყოფილიყოს თქვენი მფარველი და მეოხი!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ღვთისმშობლის მეოხებით, მისი ლოცვით უფალმა დალოცოს აჭარა, უფალმა დალოცოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, უფალმა დალოცოს მეუფე დიმიტრი, ამ ეპარქიის სამღვდელოება, სამონაზვნო დასი, მრევლი, ყოველი თქვენგანი!
დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!
ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
21 სექტემბერი, 2026 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
ფოტო: ნინო სოზაშვილი
