01 Απριλίου, 2021

საპატრიარქო: ანზორ ერქომაიშვილის მსგავსი პიროვნებები ქმნიან ეპოქას და იწოდებიან ჭეშმარიტ მოღვაწეებად

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო საპატრიარქოს სამძიმრის წერილს ავრცელებს.

მათი თქმით, სწორედ ბატონი ანზორის მსგავსი პიროვნებები ქმნიან ეპოქას და იწოდებიან ჭეშმარიტ მოღვაწეებად.

„დღეს საქართველომ ქართული კულტურის უდიდესი მოამაგე და ეპოქალური ადამიანი, ანზორ ერქომაიშვილი დაკარგა.

ბატონმა ანზორმა მთელი თავისი ცხოვრება ქართულ ხალხურ სიმღერა-გალობას მიუძღვნა, მან მოიძია, გადაარჩინა და მსოფლიოს გააცნო ტრადიციული ქართული მრავალხმიანობა.

განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კულტურისა და ქართველი ერის წინაშე. სწორედ ბატონი ანზორის მსგავსი პიროვნებები ქმნიან ეპოქას და იწოდებიან ჭეშმარიტ მოღვაწეებად.

ქართული ხალხური სიმღერა-გალობის ტრადიციებზე აღზრდილმა და ამ საქმის ერთგულმა გამგრძელებელმა არაერთი თაობა აღზარდა, შეაყვარა და გადასცა მათ ჩვენი კულტურის ეს უნიკალური საგანძური.

„როცა შენი ქმნილება საყოველთაო საკუთრებად იქცევა, სასუფევლის კარს ღმერთი თვითონ გაგიღებს“, – წერდა ბატონი ანზორი. ჭეშმარიტად, ფასდაუდებელი და აწ უკვე ქართველი ერის საყოველთაო საკუთრება და უნიკალური საგანძურის ნაწილია ანზორ ერქომაიშვილის ნაღვაწი…

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, აღზრდილებსა და სრულიად საქართველოს!

უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული“, – ნათქვამია საპატრიარქოს სამძიმრის წერილში.

 

imedinews.ge

Διαδώστε: