05 Φεβρουαρίου, 2021

საპატრიარქო: ცალკეული მედიასაშუალებები სისტემატურად არღვევენ სხვის არაქონებრივ უფლებებს

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება 30 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) შესახებ.

„ამ სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს ამცნეს, თითქოს მიტროპოლიტი საბა, პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, წარსულში სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, რაც სრული სიცრუეა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, სასულიერი პირების მიმართ სხვა დროსაც არაერთი ცილისწამება, მძიმე ბრალდება თუ სიუჟეტი გავრცელებულა და „ეს სიუჟეტიც ამ სერიის გაგრძელებას წარმოადგენდა“.

„უკანასკნელ პერიოდში გაისმის სხვადასხვა ბრალდება, რომელიც მოკლებულია რეალურ საფუძველს და რაც სამართლებრივად მნიშვნელოვანია – ფაქტობრივ მოცემულობას. ამგვარ განცხადებებში არ ჩანს ფაქტები, რომელთაც განცხადების გამავრცელებელი ეყრდნობა. შესაბამისად, ასეთი განცხადებები მიმართულია სასულიერო პირების არაქონებრივი უფლებების შელახვისკენ. თითოეული ასეთი ფაქტების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ცილს სწამებს მათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ევროპული ღირებულებების გააზრება, რაზედაც ხშირად სწორედ ცალკეული მედიასაშუალებები აპელირებენ, უპირველესად, გულისხმობს იმგვარ სამართლებრივ მოწესრიგებას, რაც, ერთი მხრივ, მედიას საშუალებას მისცემს, გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი უფლებების დარღევის შემთხვევაში, როგორიცაა ღირსების უფლება, შესაბამისი პირისთვის უფლების დაცვის მოქნილ მექანიზმს განსაზღვრავს.

„აღნიშნული საკითხის არასრული და არასათანადო სამართლებრივი მოწესრიგების გამო, ცალკეული მედიასაშუალებები თავიანთ ეთერში სისტემატურად არღვევენ სხვის არაქონებრივ უფლებებსა და უპირატესად – სასულიერო პირთა ღირსებას თუ რეპუტაციას, რისი მკაფიო მაგალითიც აღნიშნულ სიუჟეტში მიტროპოლიტ საბასა და მიტროპოლიტ თეოდორეს მისამართით გაკეთებული განცხადებებია“ ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

 

— imedinews.ge

Διαδώστε: