დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში – ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს – საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კრისტენ შვაიცერს და კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ახალი ამერიკული საბაკალავრო პროგრამა, რომლის დანერგვასაც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი უახლოეს ხანებში გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანს უნივერსიტეტთან ერთად.
„უნივერსიტეტი მადლობას მოახსენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და გაწეული დახმარებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
— ipn.ge
