09 Ιανουαρίου, 2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

Διαδώστε:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს უფალი ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობა მიულოცა, კერძოდ: დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს; იერუსალიმის წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს; სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს; რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს; ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს; ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის; ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტ საბას; ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტ როსტისლავს; სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს; ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარეს მთავარეპისკოპოს სტეფანეს. მისალოც გზავნილში ნათქვამია:

გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეს შობის გასხივოსნებულ დღესასწაულს.

ჩვენ ახლა სულიერი ძრწოლვით ვდგავართ განკაცებული მაცხოვრის საოცარი საიდუმლოს წინაშე და ზეცის მხედრობასთან ერთად ვზეიმობთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლკ. 2:14). ჭეშმარიტად გამოუთქმელია ადამიანების მიმართ შემოქმედის სიყვარულის სიდიადე. „რატომ შეიმოსა უფალმა ჩვენმა ხორცი? – კითხვას სვამს ღირსი ეფრემ ასური. – იმიტომ, რომ თავად ხორცს დაეგემოვნებინა გამარჯვების სიხარული და აღვსილიყო და შეეცნო მადლის ტალანტები“ (ოთხთავის განმარტებიდან).

აღვუვლენთ რა ქება-დიდებას ბეთლემში შობილ მაცხოვარს, ჩვენ ასევე ვლოცულობთ განხეთქილების განკურნებისთვის, უწესრიგობისა და ყოველგვარი მტრობის აღმოფხვრისთვის, იმისათვის, რომ განმტკიცდეს მისი წმინდა ეკლესია, გაიზარდოს რწმენა და გამრავლდეს ერთმანეთის სიყვარული (2 თეს. 1:3).

გისურვებთ სიჯანსაღეს, მშვიდობას და მოუკლებელ შეწევნას ყოველთამომნიჭებელი უფლისგან შემდგომ პირველიერარქიულ მოღვაწეობაში.

ძმური სიყვარულით ქრისტე იესოში,

+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

mospat.ru

Διαδώστε: