23 Φεβρουαρίου, 2022

ქართული კულტურის დღეები ერევანში – 2022“

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ICSU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წლის 16-20 თებერვალს სომხეთის დედაქალაქ ერევანში 4-დღიანი შეხვედრები გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები – მღვდელი გიორგი ფირცხელანი და მღვდელი გიორგი ბერაძე.

„საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა“ და ა(ა)იპ – დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროექტის ფარგლებში შედიოდა მეზობელი ქვეყნის ყველა ღირსშესანიშნაობის მონახულება, სხვადასხვა კულტურული და წამახალისებელი ღონისძიება, ლექციები აქტუალური თემების თაობაზე.

ეკლესიისა და ახალგაზრდების დაახლოების მიზნით, უკლებლივ ყველა ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, რომლებმაც, თავის მხრივ, ჩაატარეს საინტერესო ლექციები რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე, ისაუბრეს ქრისტიანობის საფუძვლების, რელიგიური შინაარსის საკითხების მიზნობრივი აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე მიწოდებისა და ახსნის თაობაზე, თანამედროვე ახალგაზრდებისა და ეკლესიის ურთიერთობაზე, მომავალ თაობაში ქრისტიანობისადმი ინტერესის გაძლიერებასა და სათანადო ცოდნის მიწოდებაზე.

მოძღვრებსა და ახალგაზრდებს შორის გამართული ყველა შეხვედრა გულთბილ ვითარებაში მიმდინარეობდა და საინტერესო დიალოგით, მსჯელობითა და აზრთა გაზიარებით სრულდებოდა.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: