მსოფლიო პატრიარქმა სამეცნიერო ჟურნალ ‘თეოლოგიის’ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სამეცნიერო ჟურნალ „თეოლოგიის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. ღონისძიება თესალონიკში იმართება და მისი თემაა: „მართლმადიდებლური თეოლოგია და ტექნოლოგიის ‘ონტოლოგია’: ანთროპოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგები“. კონფერენციას საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთავარეპისკოპოსი იერონიმე, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, იერარქები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.
თავის გახსნით სიტყვაში, ყოვლადუწმინდესმა ბართლომემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესია არ უნდა იყოს ჩაკეტილი და თავდაცვით პოზიციაში თანამედროვე კულტურის მიმართ. მისი თქმით, ეს არ შეესაბამება მართლმადიდებლობის სულს და მის მისიას. პატრიარქმა აღნიშნა, რომ დახურული მართლმადიდებლობა არის „სანთელი ქვეშე ხვიმირსა“ და იწვევს ეკლესიის იზოლაციას.
პატრიარქის განცხადებით, დღეს თეოლოგია უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ მეცნიერებასა და ტექნოლოგიას არ შეუძლიათ პასუხი გასცენ იმ დიდ ეგზისტენციალურ კითხვებს, როგორიცაა სიკვდილი ან ადამიანური ურთიერთობების პრობლემები. ამ საკითხებში ადამიანს მხოლოდ რელიგიური რწმენა დაეხმარება. ამავე დროს, ყოვლადუწმინდესმა დაამატა, რომ რწმენა და მეცნიერება მოწინააღმდეგეები არ არიან, არამედ ადამიანის საკეთილდღეოდ მათი თანამშრომლობა შესაძლებელია.
მსოფლიო პატრიარქის მოწოდებით, მართლმადიდებლური თეოლოგია ტექნოლოგიურ სამყაროში უნდა იყოს „პიროვნების კულტურის“ წარმომადგენელი, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს და აჩვენებს ქრისტიანული სახარების აქტუალურობას თანამედროვე სამყაროსთვის.
კონფერენციაზე სიტყვა ასევე წარმოთქვა ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმაც. ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, ეკლესიის მრევლისთვის მთავარი საფრთხე დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს არის არა ტექნოლოგიის, არამედ „სიწმინდის დაკარგვის“ საშიშროება.
პატრიარქმა დანიელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს შეიძენს იმას, რასაც ეკლესიის მამები „ქრისტეს გონებას“ უწოდებენ.
ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს ლოცვას: „არ უნდა მივცეთ ხელოვნურ ინტელექტს იმის ილუზია, რომ მას შეუძლია ჩაანაცვლოს ან აღმოფხვრას ლოცვა და ასკეზა“. ქრისტესთან ევქარისტიულ და საიდუმლოებით სავსე ერთობაში ადამიანის გონება იღებს მადლის ნიჭს, რომელიც გაცილებით აღემატება ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს.
„სიწმინდის დაკარგვა“ უშუალო საფრთხეა: ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, მართლმადიდებლებისთვის ყველაზე სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხე არის არა თვით ტექნოლოგია, არამედ სიწმინდის დაკარგვა – ცხოვრების სრულ ტექნოლოგიზაციასთან ერთად. როდესაც ცხოვრებაში აღარ რჩება სივრცე ღვთისა და მისი მადლისთვის, ეს უფრო საშიშია, ვიდრე ათეიზმის კლასიკური ტალღები.
ტექნოლოგია როგორც საშუალება: პატრიარქის თქმით, ტექნოლოგიებისადმი პანიკური დამოკიდებულება არ არის სწორი. გამოწვევა არის მომავალთან შეხვედრა ახალი იდენტობით, ეკლესიის შიგნით. ტექნოლოგია უნდა განიხილებოდეს როგორც საშუალება და არა მიზანი. მკაფიო ზღვრების დაწესება და ცხოვრებაში ქრისტესთან ზიარების იერარქიის დაცვა საშუალებას მოგვცემს, ტექნოლოგია ადამიანს ემსახუროს.
პატრიარქმა თავის გამოსვლა ოპტიმისტური ინფორმაციით დაასრულა და აღნიშნა, რომ ის ტექსტი, რომელიც მან კონფერენციაზე წაიკითხა, თავდაპირველად ინგლისურ ენაზე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ითარგმნა, რითაც ხაზი გაუსვა ტექნოლოგიის, როგორც სასარგებლო იარაღის პოტენციალს.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










