31 Αυγούστου, 2026 - 18:37
საპარლამენტო დელეგაცია საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა
Διαδώστε:
მა წლის 27-28 აგვისტოს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით საპარლამენტო დელეგაცია საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრები იყვნენ: კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მხრიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ მაჭარაშვილი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო ჯგუფის ,,ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი, შეიხი ფაიგ ნაბიევი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მდივანი ოქტაი ისაევი.
დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუნდუზ ისმაილოვთან და კომიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ურთიერთობის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
დღეს, 28 აგვისტოს, ქართული დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტი ისტორიულ ჰერეთში გაგრძელდა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა თეოდორემ ტაძარში შეკრებილებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა, კათოლიკოს-პატრიარქის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა და აღნიშნული დღესასწაულის შესახებ იქადაგა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აგრეთვე ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც მრევლს დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა მიტროპოლიტ თეოდორეს, სხვა სასულიერო პირებს, ქართული დელეგაციის წევრებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ მაია თაბაგარსა და აზერბაიჯანში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს ვიზიტის განხორციელებაში გამოვლენილი მხარდაჭერისთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამოთქვა იმედი, რომ დამდეგ გიორგობას უფრო დიდი შემადგენლობით ჩავა დელეგაცია და არა მხოლოდ გიორგობის, არამედ სხვა დიდ დღესასწაულებზეც განხორციელდება ვიზიტები.
მან ასევე ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ის მომავალ ვიზიტზე კახის რაიონში და მიტროპოლიტ თეოდორესა და საპატრიარქოს ქართული სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში.
დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს ასევე სიტყვით მიმართეს და მიძინების დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
მადლობას მოვახსენებთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტის ორგანიზებისთვის, ასევე აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და აზერბაიჯანულ მხარეს მის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.
Διαδώστε:










