ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერილი ეპისკოპოს კირიონისადმი (საძაგლიშვილი) – 1907 წელი
თქვენო მეუფებავ,
დაუვიწყარო მღვდელმთავარო კირიონ!
მოგილოცავთ ძმური სიყვარულით ბრწყინვალე აღდგომას და ვთხოვთ მაცხოვარს თქვენი სახელოვანი და გმირული სიცოცხლის მრავალჟამიერობას!
ყოვლადსამღვდელო! თუ თქვენი აქ არყოფნა ვისმეს მოაკლდა,-ეს გახლავართ პირველად მე: აღარა მყამს მომხრე, ყველას ენა მუცელში ჩაუვარდა, ყველა თავის სოროში იმალება, კრინტს ვეღარავინა სძრავს, ყველა კურდღლათ და დედალ ქათმად გადაიქცა. მარტო ერთი ვერაფერს ვხდები და ტყუილუბრალოთ თავქვას ვახლი. თქვენით როდესაც ზურგი გამაგრებული მქონდა, ცა ქუდათ არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ეხლა კი, ზურგწამხდარი ცხენივით, ცაში კაჭკაჭის გაფრენაც საგონებელში მაგდებს. ჩვენი სილაჩრით გამარჯვებულებმა აღარ იციან როგორ იდღესასწაულონ თავიანთი დღესასწაული, როგორ გაგვთელონ, გაგვანადგურონ, ყერით გაგვწელონ და მტვრათ გვაქციონ. ოჰ, ღმერთო, როდემდის, როდემდის უნდა ვიტრიალოთ ამ ჯოჯოხეთ საკირეში და გავარვარებულ თონეში. ნეტავი სულაც შეგნება არ მქონდეს, ან ისე ვიყო აგებული, რომ ადვილათ ურიგდებოდე და ვეთვისებოდე ცხოვრების ყოველგვარ პირობებს… სადღესასწაულო არაა ეს გრძნობა, მაგრამ სხვა რა გვაქვს სადღესასწაულო?
მანდედამ მაინც მანუგეშეთ წერილებით: როგორ მოხდა თქვენი გადაყვანა, როგორ მუშაობდით პეტერბურგში ჩემ შემდეგ, როგორ მოეწყვეთ ახალ ბინაზე და საზოგადოთ როგორ გრძნობთ თავს.ოღონდ კარგად იყავით, თორემ სამშობლოს მანდედამ უფრო მეტ სარგებლობას მოუტანთ, ვინამ დასაწვავ სოხუმიდან.
აქაურ ამბებს დაწვრილებით არ გწერავთ, რადგანაც ყველაფერი საწყენი და გულსაკლავია.
კვლავ მოგილოცავ ქრისტეს აღდგომას და გისურვებთ სიცოცხლეს.
უთქვენობით მხარმოტეხილი და ობლად დარჩენილი ეპისკოპოსი ლეონიდი
ქ.ქუთაისი
1907 წ. 18 აპრილი
[კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი.კირიონის ფონდი, ს.895]
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










