“გაიწვიეთ თქვენი ეგზარქოსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მას განვკვეთავთ!” – ალექსანდრიის პატრიარქი რუსეთის პატრიარქს
2022 წლის 14 თებერვალს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესმა პაპმა და პატრიარქმა თეოდორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ოფიციალური წერილი (პროტ. ნომ. 38/2022) გაუგზავნა.
წერილში ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი რუსეთის ეკლესიის მეთაურისგან ითხოვს დაუყონებლივ გაიწვიოს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ ანტიკანონიკურად აფრიკაში დანიშნული ე.წ. ეგზარქოსი მიტროპოლიტი ლეონიდე გორბაჩოვი. აქვე, ალექსანდრიის პრეზვიგენული საპატრიარქოს მეთური რუსეთის პატრიარქს მკაცრად და კატეგორიულად აფრთხილებს, რომ თუ დაუყონებლივ არ იქნება აფრიკიდან გაწვეული რუსი ეგზარქოსი ალექსანდრიის საპატრიარქო მას განკვეთავს და ერისკაცის დონემდე დაიყვანს.
გარდა ამისა, მისი უნეტარესობა ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე რუსეთის ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილეს შეახსენებს 1589 წლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ რუსეთის ეკლესიაზე გადაცემულ ტომოსს, რომლის თანახმად იგი საპატრიარქო რანგში ამაღლდა, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის საპატრიარქოს თავი და საწყისი მუდამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდარი იქნება და მისდამი პატივისცემა მართებს.
ალექსანდრიელი პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეახსენებს 1663 წლის პენტარქიის კრების წერილს რუსეთის ეკლესიას, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უპყრია პირველობა და განსაკუთრებული პრივილეგიები, რომელთა თანახმად შეუძლია განსაჯოს ნებისმიერი საეკლესიო საკითხი (მეოთხე მსოფლიო კრების 9 და 17 კანონები). იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიამ მკაცრად დაარღვია მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონები და ანტიკანონიკურად ალექსანდრიის საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეიჭრა, უნეტარესი თეოდორე აღნიშნავს, რომ წმინდა კანონებზე და საეკლესიო ტრადიციაზე დაყრდნობით მიმართავს მსოფლიო საყდარს, სადაც რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ შეაქვს საჩივარი, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე რუსეთის ეკლესიის მეთაურთან გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მათი არგუმენტები არასერიოზულია და კანონიკური საფუძველი არ გააჩნია.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










