“სანამ მოსკოვის პატრიარქი იმ ძალაუფლების ხაფანგშია, რომელიც „ამის სოფლისაგანი არს“, სამწუხაროდ, ის ვერ გახდება ქრისტეს სულისკვეთების მატარებელი” – მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი რუსეთის პატრიარქ კირილეს ამხელს და ღიად უპირისპირდება.
გთავაზობთ ბერძენი მღვდელმთავრის ვრცელ განცხადებას:
“მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსე ემზადება ვნების შვიდეულისათვის, ვნებების, ტკივილისა და ჯვრის შვიდი წმინდა დღისათვის, აღდგომის იმედისმომცემ ღამეზე ფიქრითა და სასოებით, მოსკოვის პატრიარქი კირილე მოუწოდებს ერთგულ რუს ერს, გაერთიანდნენ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოკუპაციის ლიდერებთან, წინ აღუდგნენ “ლიბერალურ დასავლურ ცივილიზაციას”, რადგან თავად თვლის, რომ ეს ცივილიზაცია დაცემული და უზნეოა.
თანაც წირვის ქადაგებაში პატრიარქი კირილე აღიარებს, რომ რუსეთს ახლა რთული დრო უდგას და ამ მიზნით მოუწოდებს გაერთიანებისკენ „ჭეშმარიტი სოლიდარობისათვის, გარე და შიდა მტრების მოსაგერიებლად“. ამ არგუმენტს, ვითომ ზნეობასთან დაკავშირებით, შეგნებულად იყენებს რუსი მართლმადიდებლებისათვის, რათა ძლიერად დადგნენ იმ მართლმადიდებელი ძმების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში იხოცებიან.
მოუწოდებს ჩეჩენ ჯარისკაცებს, რომლებიც ექსტრემისტული ისლამისტური აზროვნებითა და ქცევებით გამოირჩევიან, უკრაინელი მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ აღიძრან, რათა რუსები ყოველგვარი ვესტერნიზაციისგან, დასავლური ცივილიზაციის მიღებისაგან, დაიცვას და მხარი დაუჭიროს რუსეთის პოლიტიკური ძალაუფლების ფობიურ სინდრომებს, ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებასთან დაკავშირებით უკრაინაში, რომელიც რუსეთისთვის „ახლო უცხოეთად“ მიიჩნევა.
ეს თუ მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქის საეკლესიო ქადაგებაა, ანდაც – საომარი განცხადება, თითოეული გონიერი ადამიანის გადასაწყვეტია, პასუხი გასცეს მას. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რომელიც შეეხება უფრო ღრმა აზრსა და ფორმას იმ ძალაუფლებისა, რომელსაც კონკრეტული მართლმადიდებელი იერარქი გამოხატავს თავისი სამწყსოს მიმართ, თავისი სამღვდელოებისა და ერის მიმართ!!!
არის კი ეს ძალაუფლება „ღვთის სახარებისადმი მიძღვნილი“? წარმოაჩენს ის მსახურებას, ვნებას და გასაჭირს, როგორც ეს ჯვარცმულმა ქრისტემ ავთენტურად და სამაგალითოდ გვიჩვენა, თანაც მსახურების, ეკლესიური ცხონებისა და გამოხსნის დონეზე? თუ სიძულვილის სეკულარიზებული ძალაუფლების გამოხატულებაა, რომელსაც ეკლესიის ერი და სამწყსო სულიერად გამოუვალ მდგომარეობამდე მიჰყავს?
ემსახურება თუ არა სიცოცხლისა და ქმნილების შენარჩუნების ღვთაებრივ მიზანს? თუ ბადებს დამაბნეველ კითხვებს იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ეკლესიას შთააგონოს სიკვდილი თავის სამწყსოს და უბიძგოს მას ომებისა და დამანგრეველი კონფლიქტებისკენ?
ნუთუ შესაძლებელია, ეკლესიურმა ადამიანმა, თავის „მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ“ სიტყვაში, საქმეში და შეგონებებში არ გამოავლინოს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“, არამედ სჯეროდეს, რომ შეუძლია, ძირი გამოუთხაროს სახარებისეულად ნაქადაგებ თავგანწირვასა და თავმდაბლობას, კეთილისათვის და სხვათა ხსნისათვის, მოყვასის ხსნისათვის?
ნუთუ შესაძლებელია, საეკლესიო პირი, „სადაც და როგორც საჭიროა“, არ იბრძოდეს უწინარესად ხალხებს შორის მშვიდობისა და შერიგებისათვის, არამედ უთანხმოებას, ომსა და კონფლიქტს ნერგავდეს?!
მოსკოვის ეკლესიის მწყემსმთავარის დამოკიდებულება ა) ადასტურებს, რომ ის დასავლური ტიპის კულტურული გაუცხოება, რომლისაც მას ეშინია და ცდილობს, ერის „გაერთიანების“ გზით განაგდოს, უკვე თავისი ეკლესიის კედლებში იმყოფება; ბ) აღწერს იმ მსოფლმხედველობას, რომელსაც თვითონვე გამოხატავს და ადასტურებს თავისივე დამოკიდებულებით; გ) ამტკიცებს, რომ სეკულარიზმს – და განსაკუთრებით საეკლესიო სეკულარიზმს – არ აქვს გარკვეული წარმოშობის ადგილი, დასავლური თუ აღმოსავლური.
დღეს ჩვენ ვუყურებთ საეკლესიო პირებს – ვითომ აღმოსავლური სულისკვეთებით – რომლებიც ხალხს ძალადობისა და კატასტროფისაკენ მოუწოდებენ; და ვუყურებთ სხვა საეკლესიო პირებს – ვითომ დასავლური სულისკვეთებით – რომლებიც ქადაგებენ მშვიდობას, შერიგებას, დაზავებას, გვთავაზობენ საომარი მოქმედებების შეწყვეტას, რათა ორმა ერმა, უკრაინამ და რუსეთმა, მიაღწიონ მშვიდობას, ცივილური დიალოგის გზით.
საბოლოოდ “დასავლური ლიბერალური ცივილიზაციის” ხალხი ხდება მშვიდობისა და თანამეგობრობის სახარებისეული უწყების ნამდვილი მქადაგებელი და მშვიდობისმყოფელი.
ისინი, სხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ, აცხადებენ, რომ ნებისმიერი გამარჯვება, რომელიც თავის დროშას აღმართავს მკვდრების გვამებსა და საზოგადოების ნანგრევებზე, მოკლებულია ყოველგვარ არსებით ღირებულებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თავის საბოლოო მიზანს მიაღწევს – შესუსტებასა და აღკვეთას „დასავლური ლიბერალური ცივილიზაციისა“!!!
საეკლესიო სეკულარიზმი ისტორიაში ვერასოდეს ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, რადგან ის არ აშენებს, არამედ ანგრევს, ის არ აწარმოებს კულტურას და განვითარებას, არამედ ემსახურება კატასტროფასა და განადგურებას, პროვინციალიზმს და ეგოიზმს, იზოლაციას და ინტერესებს.
რუსულ ეკლესიას საფრთხე არც ემუქრებოდა და არც ახლა ემუქრება არანაირი „ლიბერალური დასავლური კულტურისაგან“, რომლის აღსაკვეთადაც სურს, შექმნას ხმლების, ქვემეხებისა და ბირთვული იარაღების ბარიერი. სანამ მოსკოვის პატრიარქი იმ ძალაუფლების ხაფანგშია, რომელიც „ამის სოფლისაგანი არს“, სამწუხაროდ, ის ვერ გახდება გავლენიანი მატარებელი ქრისტეს სულისკვეთებისა, ანუ თავისუფლების, სიყვარულისა და თავგანწირვისა. ნებსით თუ უნებლიედ იმეორებს დიდი ინკვიზიტორის შეცდომას, რომელსაც თავისი თანამემამულე ფიოდორ დოსტოევსკი აღწერს, „ძმებ კარამაზოვებში“.
მიჩნდება შეკითხვა, როგორ შეძლებს ის აღდგომის გალობას, რომელიც სიკვდილზე გამარჯვების გამოხატულებაა, როცა მისი სიტყვა სიკვდილისაკენ უბიძგებს ჩვენს თანამოძმეებსა და თავის ერთმორწმუნეებს?!
როგორ ეგუება, ეზიაროს მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს ხორცსა და სისხლს, „საუკუნო ცხოვრებისათვის“ მლოცველი, როცა დღეს და ხვალ, თავის ერს სისხლიანი საქმის კეთებისკენ მოუწოდებს?!
შესაბამისად, ბრალი ედება ამ ვითომ „დასავლურ ლიბერალურ ცივილიზაციას“ თუ მათ, ვინც სეკულარიზებული საეკლესიო ძალაუფლების ამორალური აზროვნებითაა შეპყრობილი?!” – აცხადებს მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










