მიტროპოლიტ შიოს სიტყვა ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირების დაჯილდოების ცერემონიაზე
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირების დაჯილდოების ცერემონიაზე
პატივცემულო, ბატონო მინისტრო, პატივცემულო, ქალბატონო მინისტრის მოადგილევ, ძვირფასო მამებო, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებო, თანამშრომლებო,
დღეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი ვართ. ისტორიული შეიძლება ეწოდოს უკანასკნელი წლების განმავლობაში საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობას, რომელმაც დღევანდელ შედეგამდე მიგვიყვანა. მიმდინარე სასწავლო წელს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ემთხვევა, ვეგებებით ქრისტიანული მოძღვრების მისიონერული გზის ამგვარი განახლებით!
მოზარდებს საშუალება ეძლევათ, სასკოლო გარემოში ქრისტიანულ ღირებულებებს ჩაუღრმავდნენ.
უპირველესად, მადლობა გვსურს გადავუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ყველა მისი თანამშრომელს. მათ სათანადოდ შეაფასეთ საპატრიარქოს მცდელობა, მოზარდთათვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ის ღირებულებები, რომლებსაც სამყაროში უდიდესი კაცთმოყვარეობით აღსავსე მოძღვრება – ქრისტიანობა – ქადაგებს.
მოგეხსენებათ, ქრისტიანობა არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის საფუძველთა საფუძველია. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ჭეშმარიტი მეცნიერება, ხელოვნება თუ ლიტერატურა საყრდენი ქრისტიანული ღირებულებების გარეშე, რომელთა აღმოჩენა და მოზარდებისთვის მართებულად მიწოდება არის ჩვენი, ყველას, საერთო და უმთავრესი მისია. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და მჭიდრო, ნაყოფიერი და ეფექტიანი თანამშრომლობა აწარმოვა ამ მიმართულებით.
საგულისხმოა, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც, სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ეკლესიას არ ეძლეოდა საშუალება, საკუთარი წვლილი შეეტანა სკოლის მოსწავლის განათლებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია თავისი ისტორიული და ღირებულებითი მნიშვნელობით უდიდესი საუნჯის მატარებელ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელზეც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დგას ჩვენი სახელმწიფო მთელი თავისი არსებობის განმავლობაში.
ყველამ კარგად ვიცით, რა რთული პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა ერგო ჩვენს ქვეყანას; ვიცით, როგორი ძნელბედობის ჟამს იტვირთა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავისი მსახურება. მას შემდეგ არ ყოფილა არცერთი დღე და არცერთი წუთი, რომ მას არ ეფიქროს, არ ელოცოს და არ ემოქმედოს ამ დაზიანებული აზროვნების გამოსასწორებლად, დახურული კარების გასაღებად და საზოგადოების ჩატეხილი ხიდების აღსადგენად. არ არსებობდა სფერო, იქნება ეს კულტურა, მეცნიერება, ლიტერატურა თუ სხვა, რომელთა წარმომადგენლებთან არ გაჩაღდა შემოქმედებითი ურთიერთობა. ეს არის ჩვენი საუკუნის უდიდესი მისიონერის – ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობის გზა, რომელსაც ადამიანი ტაძრამდე მიჰყავს.
მადლობა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, რომ ამ რთულ და დეზორიენტირებულ პერიოდში, როდესაც მთავარი ღირებულებების გაუფასურება და ჩანაცვლება ხდება, ეკლესიას და თითოეულ სასულიერო პირს მოგვცა მყარი ორიენტირები სავალი გზისა და უტყუარი გეგმა მოქმედებისა.
მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მათ ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, რომ დღიდან ჩვენი ურთიერთობის დაწყებისა, აგერ უკვე მესამე წელია, მუხლჩაუხრელად და თავდაუზოგავად შრომობენ, რათა „ღირებულებითი განათლება“ სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობებისა და მისი, როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში.
მადლობა ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და მამებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ შრომობდნენ და იღვწოდნენ სკოლებში ღირებულებითი კლუბების დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონერებისათვის.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას იმ შრომისთვის, რომლის შედეგადაც ეკლესიას, საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ამ ძღვენით ვულოცავთ.
საქართველოს საპატრიარქო
19 სექტემბერი, 2025 წელი
ᲛᲝᲐᲛᲖᲐᲓᲐ ᲗᲐᲛᲐᲠ ᲐᲡᲐᲗᲘᲐᲜᲛᲐ
ფოტო: ნინო სოზაშვილი
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










