ნათლისღების დღესასწაული
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი და ეს წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. წმინდა სამების დღესასწაულია, ისმის ხმა უფლისა, მამისა. მადლი უფლისა გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრისგან.
არის მრავალი განსაცდელი ჩვენს წინაშე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს თუ შეწევნას გულით ვთხოვთ.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ჩვენ ვთხოვთ პრემიერ-მინიტრს, რომ მიულოცოს მორწმუნე ხალხს ნათლისღების დღესასწაული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი:
თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მოსახლეობავ, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა და იგი შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა.
მე მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორეს, მის უმაღლესობა პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილესს, იორდანიის არქიეპისკოპოს ქრისტეფორეს. ჩვენი მთავრობის, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს. ჩვენს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს, ყველას ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენი წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე. ნათლისღებას გილოცავთ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:
მადლობელი ვართ ბ-ნო პრემიერ-მინისტრო. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა გფარავდეთ თქვენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.