23/03/2020 23/03/2020 რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა, ყველა სამრევლოში წმინდა ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურება სასულიერო პირთა მიერ საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე ჩატარდეს. მონასტრებში კი მსახურება ჩატარდება მხოლოდ სამონაზვნო საძმოს მონაწილეობით. მონასტრებში მრევლი არ დაიშვება. ინფორმაციას და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების თარგმანს სოციალურ ქსელში რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ...
23 Μαρτίου, 2020 - 17:49

რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება

Διαδώστε:
რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა, ყველა სამრევლოში წმინდა ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურება სასულიერო პირთა მიერ საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე ჩატარდეს. მონასტრებში კი მსახურება ჩატარდება მხოლოდ სამონაზვნო საძმოს მონაწილეობით. მონასტრებში მრევლი არ დაიშვება. ინფორმაციას და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების თარგმანს სოციალურ ქსელში რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი აქვეყნებს.

რუმინეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს, რუმინეთსა თუ დიასპორაში შეეძლებათ, თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა მსახურებებს საპატრიარქოს ტელევიზიით, რადიოს ან სხვა სადგურების მეშვეობით.

მრევლს სინოდმა რჩევა მისცა სახლებში მოაწყონ სამლოცველო ოთახი. სამრევლოს ყველა მორწმუნის სახელი, სინოდის გადაწყვეტილებით, მოხსენებული იქნება წმინდა ლიტურგიაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წირვაში, არამედ მხოლოდ სულიერად, დისტანციურად. ამ პერიოდის განმავლობაში, მორწმუნეები კავშირში იქნებიან სამრევლოს მღვდელთან, განსაკუთრებით კი მოძღვრებთან. მორწმუნის თხოვნის შემთხვევაში მღვდელს შეეძლება, მივიდეს მასთან სახლში სულიერი საუბრებისთვის, აღსარებისთვის და ზიარებისთვის, თავდაცვის ნორმების შესაბამისად, პირბადეებისა და სანიტარული ხელთათმანების ჩათვლით.

ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოებები ჩატარდება საკულტო ადგილას და მასში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ რვა ადამიანი. მიცვალებულის პანაშვიდი ჩატარდება ეკლესიაში, სპეციალურ სამლოცველოში ან სასაფლაოზე, ასევე რვა ადამიანის მონაწილეობით.

აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეებისა საავადმყოფოებში ჩატარდება საავადმყოფოს წესების შესაბამისად. ავადმყოფი მორწმუნეების სახლში აღსარება და ზიარება მღვდლის მიერ, შემდგომი პროცედურების დაცვით ჩატარდება: მღვდელი შეავსებს დეკლარაციას თავისი გადაადგილების შესახებ იმ წესით, რომელსაც დაადგენს ხელისუფლება, სადაც აღნიშნავს გადაადგილების მიზეზს. მორწმუნეთა სახლში შესვლისას მღვდელი გამოიყენებს ერთჯერად ფეხსაცმელს, ჰიგიენურ პირბადეს, დაიბანს ხელს საპნით, წყლითა და სადეზინფექციო საშუალებით. გამოიყენებს მხოლოდ საკულტო წიგნსა და ოლარს, ლიტურგიკულ ჭურჭელს ავადმყოფის ზიარებისთვის, ნივთებს, რომლებიც მანამდეც და ზიარების შემდეგაც იქნებიან დეზინფიცირებული.

რუმინეთის ეკლესიის სინოდმა შეაჩერა წმინდა ზეთისცხების მსახურება, სანაცვლოდ მღვდლებს დაავალა მოუწოდონ მორწმუნეებს, ზეთისცხების ნაცვლად ოთხშაბათს და პარასკევს, წაიკითხონ მკურნალი წმინდანების დაუჯდომლები.

რეგულარულად ჩატარდება ეკლესიის კარიბჭეების, საეკლესიო ავეჯის და ზედაპირების დეზინფექცია, საკულტო ნაგებობის განიავება. მოხდება სამრევლოებისა და მონასტრების სოციალური საქმიანობის ადაპტირება ახალი სოციალური და სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე.

რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა მოუწოდა მორწმუნეებს, არ გამოვიდნენ სახლებიდან, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

სინოდის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო ვითარებაში, როგორც სასულიერო პირები, ასევე მორწმუნე ერისკაცები ვალდებულნი არიან, დაიცვან ხელისუფლების დადგენილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაექვემდებარებიან კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.
1tv.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων