სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს უმასპინძლა
ამა წლის 15 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სერბეთის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრ ვუჩიჩს მეუღლეებთან და თანმხლებ პირებთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.
შეხვედრა მეტად გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
საუბარი შეეხო ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან სულიერ და კულტურულ კავშირებს.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ გულთბილად გაიხსენა მისი უნეტარესობის, სერბეთის პატრიარქ პორფირეს მილოცვა მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით, ასევე გაიხსენა ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და სერბეთის პატრიარქ პავლეს შორის არსებული ძმური ურთიერთობა. კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზეც ისაუბრა და სერბეთის პრეზიდენტი ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე მოიწვია.
საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










