მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკის საშობაო ეპისტოლე
„იშვა, ვითარცა არს შობაჲ ბუნებისაჲ ურცხჳნელად, უჴრწნელად, უვნებლად“ (წმ. ეპიფანე კვიპრელი).
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო!
ქრისტე იშვა!
ყოვლადმოწყალე უფალმა ინება, რომ ამ წმინდა კათედრიდან კიდევ ერთხელ მომელოცა თქვენთვის შობის დიდებული დღესასწაული, ერთად გვედიდებინა ყოვლისშემძლე ღმერთი, ხოლო წუთისოფლის მკვიდრთათვის კი მშვიდობა და სათნოება გვესურვებინა.
გაიარა კიდევ ერთმა, განსაცდელებითა და გამოწვევებით სავსე წელიწადმა, იწყება ახალი წელი, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რას მოგვიტანს და რის წინაშე დაგვაყენებს. იცვლებოდა, იცვლება და კიდევ შეიცვლება ჩვენი სამყარო, არ იცვლება ერთადერთი რამ – ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე ღვთის უპირობო სიყვარული ცოდვით დასნეულებული და დაწყლულებული კაცობრიობისადმი, რომელი სიყვარულითაც მისი მხოლოდშობილი ძე მდაბლად მოევლინა სამყაროს და ჩვენივე ხორცი შეისხა! ამ დიდებულ და გონებითმიუწვდომელ დღესასაულს ვზეიმობთ დღეს და ერთმანეთს ვახარებთ – ქრისტე იშვა!
ჩვენ, ჩვენი უძლური ადამიანური ბუნებით ვცდილობთ გავიგოთ შობის არსი, ჩავწვდეთ მის საიდუმლოსა თუ სიდიადეს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ამას და ვიბნევით. ასეთ დროს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ეკლესიის გამოჩენილი მამა და ღვთისმეტყველი, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, რომელიც შეგვაგონებს – „დღეს ბეთლემი ზეცისა მობაძავ იქმნა: ვარსკულავთა წილ ანგელოზნი მაქებელად ჰქონან, მზისა წილ მზჱ იგი სიმართლისაჲ მიუწდომელად დაიტია. და ნუ ეძიებთ, ვითარ დაიტია, რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნებისა წესი, რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოჴდა და იჴსნა და თანა-მორბედ ყო ყოველივე ღმრთისა.“ დიახ, ინება და ასე მოხდა, რადგან უპირობოდ ვუყვარვართ და ესაა პასუხი ყოველივეზე. არ არსებობს ამაზე აღმატებული და ამაღლებული ახსნა. ეს სიყვარული უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი და მას უნდა ვემსგავსოთ ჩვენი მოყვასისა და, ზოგადად, მთელი შესაქმეს სიყვარულში.
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, იმ დროს, როდესაც ბეთლემს შობილი ყრმის მადლით გაცისკროვნებულნი ერთმანეთს ვულოცავთ და ვახარებთ მაცხოვრის შობას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვყავს ემიგრაციაში მყოფი, თავშესაფრებში მცხოვრები, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი და, უბრალოდ, უკიდურესად გაჭირვებული თანამოძმეები. ვილოცოთ მათთვის, ვიფიქროთ მათზე და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რათა ცხოვრებისეული ტკივილი შევუმსუბუქოთ. დაე ქრისტეშობის სიხარულით აღვივსოთ ყველა და ეს სიხარული სხვებსაც გადავცეთ! არ დაგვავიწყდეს, რომ მაცხოვარი ჩვენთვის იშვა!
თქვენთვის მლოცველი
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).
ქრისტეშობა 2024
მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










