საეკლესიო კალენდარი: 20 ოქტომბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს ღირსი იოსებ ხუცესის, წმიდა მოწამეთა სერგის და ბაქოსის, იულიანე ხუცესის და კესარიოს დიაკონის და ასევე პოლიქრონიოს ხუცესის ხსენების დღეს აღნიშნავს.
putnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი
წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.
ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა.
მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილი ყოფილა გამოქვაბული, რომელსაც ბეთლემს უწოდებდნენ. გამოქვებულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებული ჯაჭვის საშუალებით შეიძლებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: „იტყუინ უფლისა აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა“.
წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი
წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი რომაელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მაქსიმიანეს გამორჩევით უყვარდა ერთგული კარისკაცები, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. ბოლოს მოშურნეებმა წმიდანები თვითმპყრობელთან დაასმინეს – წარმართულ ღვთაებებს თაყვანს არ სცემენო. იმპერატორმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი დღესასწაული გაიმართა. მაქსიმიანემ შენიშნა, რომ წმიდანები არსად ჩანდნენ, ძალით მოაყვანინა ისინი და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. უფლის რჩეულებმა მის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე რკინის სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში.
წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი
წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი მოციქულთა სწავლების უშუალო გამგრძელებელი და მქადაგებელი წმიდა მამები მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.
წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი
წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი ბავშვობიდანვე ქრისტიანული მსოფლმხედველობით იზრდებოდა, იგი ღარიბი მიწათმოქმედის შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, წმიდანმა დატოვა მშობლიური სახლი, კონსტანტინოპოლს მიაშურა და ერთი მდიდარი მეპატრონის ზვრებში დაიწყო მუშაობა. ბატონი გაოცებული იყო მისი მუყაითობით და საზღაურსაც უშურველად უხდიდა. აღებული ფულით ნეტარმა ტაძარი ააგო. არსებობს ცნობა, რომ პოლიქრონიოსი მედავითნის ხარისხში მონაწილეობდა I მსოფლიო კრების (325 წ., ნიკეა)სხდომებზე. მალე იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული არიანელმა მწვალებლებმა ღვთისმსახურების დროს მოკლეს ტაძრის საკურთხეველში (IV).
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.