29/07/2021 29/07/2021 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივლისს მღვდელმოწამე ათინოგენე და ათთა მოწაფეთა მისთა, მოწამეთა: პავლეს, ალევტინას და ქიონიას, მოწამე ანტიოქე მკურნალის და მოწამე იულია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით...
29 Ιουλίου, 2021 - 17:56

საეკლესიო კალენდარი: 29 ივლისი

Διαδώστε:
საეკლესიო კალენდარი: 29 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივლისს მღვდელმოწამე ათინოგენე და ათთა მოწაფეთა მისთა, მოწამეთა: პავლეს, ალევტინას და ქიონიას, მოწამე ანტიოქე მკურნალის და მოწამე იულია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი

მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს.

მმართველ ფილომარქსს მოახსენეს ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს. ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.
წმინდა ათინოგენე საქართველოში და (სომხეთში) ძალიან პოპულარული ყოფილა და მის პატივსაცემად გამართული სახალხო დღესასწაული დაარსებული უნდა იყოს III-IV სს. მიჯნაზე. იგი განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს და იმართებოდა 98-ე დღეს.

ეს დღესასწაული დღესაც იმართება საქართველოს მთაში(ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ხევი). ხევსურეთში მას “ათენგენობას” ეძახიან, თუშეთში – “ათინგენობას”, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც ეს დღეობა იმართება. რაჭაში, სოფელ გლოლის დასავლეთით, ტყეში, წმ. გიორგის პატარა ეკლესია ყოფილა. იგი შხელის სახელით იყო ცნობილი. შემოდგომას, ნოემბერში აქ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც ხალხი ათენგენობას უწოდებდა.

წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი – ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია

წმიდა მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმინეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, ჯერ მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს ქვის სამტეხლოებში, შემდეგ კი პალესტინის კესარიაში წაიყვანეს ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად. სამსჯავროზე უსჯულოებმა ვერ შეძლეს, მოედრიკათ ღვთის რჩეულები, გამხეცებულებმა, ენით აუწერელი სატანჯველებით აწამეს ისინი, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დები – ალევტინა და ქიონია ცეცხლში დაწვეს, პავლეს კი თავი მოჰკვეთეს (+308).
წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი

წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ – წმიდა პლატონმა მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით… მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.

წმიდა მოწამე იულია ქალწული

წმიდა მოწამე იულია ქალწული კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა… წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან გაიყოლა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ… ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს.

sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων