21/05/2025 21/05/2025 ამა წლის 12 მაისს თბილისის საკრებულოში საქართველოს სამეფო სახლის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ლაზეთი – ქართული ეთნოკულტურული და საეკლესიო სივრცე“. კონფერენციას ესწრებოდა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). მან ხაზი გაუსვა აღნიშნული თემის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თანამედროვეობაში, დამსწრეებს გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია...
21 Μαΐου, 2025 - 16:28

სამეცნიერო კონფერენცია ‘ლაზეთი – ქართული ეთნოკულტურული და საეკლესიო სივრცე’

Διαδώστε:
სამეცნიერო კონფერენცია ‘ლაზეთი – ქართული ეთნოკულტურული და საეკლესიო სივრცე’

ამა წლის 12 მაისს თბილისის საკრებულოში საქართველოს სამეფო სახლის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ლაზეთი – ქართული ეთნოკულტურული და საეკლესიო სივრცე“.

კონფერენციას ესწრებოდა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). მან ხაზი გაუსვა აღნიშნული თემის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თანამედროვეობაში, დამსწრეებს გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა კურთხევა და ბრძანა:

„მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო, თქვენო უმაღლესობავ, ბატონიშვილო ანა, სამეფო ოჯახის წევრებო, პატივცემულო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტო, ბატონო როინ, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით და გულითად მადლობას გიხდით დღევანდელ კონფერენციაზე მოწვევისათვის.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემა არის ლაზეთი, როგორც ქართული ეთნოკულტურული და საეკლესიო სივრცე. მოგეხსენებათ, უდიდესია წვლილი საქართველოს ამ ძირძველი მხარისა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განსაზღვრასა და ქრისტიანული რელიგიის გავრცელებაში. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს მოქცევა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში. ლაზეთს, როგორც ქართული ქრისტიანული კულტურის კერას, საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებოდა ჩვენი ერის ეთნოგენეზის ჩამოყალიბებაში.

სამწუხაროდ, ისტორიის ავბედითობით ამჟამად ეს ძირძველი ქართული მიწა მეზობელი სახელმწიფოს შემადგენლობაშია, თუმცა ლაზებმა შეძლეს და შეინარჩუნეს ენა, ეროვნულ-კულტურული ტრადიციების ნაწილი, წინაპრების ხსოვნა და ქრისტიანობისადმი პატივისცემა. თქვენ ასევე კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მხარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს ლაზეთზე სულიერ მეურვეობას. ამის დასტურია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის არსებობა, რომლის უშუალო მოვალეობაა, აჭარასთან ერთად, იზრუნოს ლაზეთში – ისტორიულ ქართულ პროვინციაში მცხოვრები თანამემამულეების სულიერ ცხოვრებაზე. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, წლების განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის შეხვედრები თურქეთში მცხოვრებ ლაზებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შორის; შედეგად, ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდა და მოინათლა როგორც საქართველოში, ისე თურქეთში მცხოვრები მრავალი ლაზი, ხოლო საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 2003 წელს წმინდანად შერაცხა XVII-XVIII სს.-ში სარწმუნოებისა და საქართველოსთვის მოწამებრივად აღსრულებული ლაზები.

ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ეკლესია ლაზეთს და მისი კულტურის მრავალმხრივ ასპექტებს, იქნება ეს ეთნიკური იდენტობა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ენა თუ მართლმადიდებლური ტრადიციები. ამასთანავე, ზოგადად უნდა ითქვას, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ცხოვრება, ჩვენი კულტურის ძეგლები, ტრადიციები, რომლებიც მათ შემოინახეს, ის აქტუალური საკითხებია, რომლებიც ჩვენს ხშირ და ჯეროვან ყურადღებას იმსახურებს. ამიტომ დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმედს, რომ ამ თემაზე ფართო საზოგადოების წინაშე მსჯელობა კიდევ უფრო დაგვაახლოებს თურქეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, უკეთ გაგვააზრებინებს და დაგვაძლევინებს იმ სირთულეებსა და აუცილებელ ასპექტებს, რომლებიც თან სდევს არა მარტო ლაზური, არამედ ზოგადად ქართული კულტურის შესწავლას, დაგვანახებს მის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის როგორც წარსულის ჩამოყალიბებაში, ისე თანამედროვე ეპოქაში ურთიერთობებისა და ფესვების შენარჩუნებისათვის.

მეტად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დღევანდელი კონფერენცია საქართველოს სამეფო სახლის ორგანიზებით იმართება. შეგახსენებთ მისი უწმინდესობის სიტყვებს, რომლებიც მან წარმოთქვა წლების წინ ბაგრატიონთა გვარისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე. „ბაგრატიონებს შეიძლება მიეცეთ ლოცვა-კურთხევა, იზრუნონ უცხოეთში მყოფ ქართველებზე… იქნებ იფიქროს ბაგრატოვანთა გვარმა, როგორ დავუკავშირდეთ მათ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დაკარგონ ეროვნული თვითშეგნება, არ დაკარგონ მართლმადიდებლობა. საბოლოოდ, ჩვენი ძალა ჩვენს ერთიანობაშია“, – ბრძანა უწმინდესმა.

ვფიქრობ, დღევანდელი კონფერენცია და მსგავსი ღონისძიებები იმის დასტურია, რომ ბაგრატიონთა სამეფო სახლი დიდ ყურადღებას უთმობს ასეთ აქტუალურ საკითხებს. ამას გარდა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ჯეროვანი დაფასება და თანამედროვე ეპოქის კონტექსტში გააზრებაა კონფერენციაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი თემატიკაც, რომელიც ეხება არა მხოლოდ ლაზეთს, არამედ მოიცავს საქართველოს ოქროს ხანას, თამარ მეფის ეპოქასა და თავად ბაგრატიონთა გვარის ისტორიის შესახებ მსჯელობასაც.

დარწმუნებული ვარ, კონფერენცია ნაყოფიერად წარიმართება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის კვლევის საქმეში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“.

კონფერენციაზე სიტყვა წარმოთქვა აგრეთვე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი); სამეცნიერო მოხსენებებით წარდგნენ: მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი როინ მეტრეველი და საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი.

მოამზადა თამარ ასათიანმა

ფოტო: საქართველოს სამეფო სახლი

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων