07/01/2021 07/01/2021 მაისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო გზავნილი ეპარქიის სამწყსოსადმი ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ქრისტესმიერ საყვარელო ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავ ქრისტეს შობის დღესასწაულს! ქრისტეს დიდებული...
07 Ιανουαρίου, 2021 - 15:48
Τελευταία ενημέρωση: 07/01/2021 - 15:53

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის საშობაო გზავნილი – 2021

Διαδώστε:
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის საშობაო გზავნილი – 2021

მაისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო გზავნილი ეპარქიის სამწყსოსადმი

ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ქრისტესმიერ საყვარელო ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავ ქრისტეს შობის დღესასწაულს!

ქრისტეს დიდებული შობით ზეგარდამო მადლი მოეფინა ქვეყნიერებას; დღეს ღვთის ტაძრად მოგვევლინა ქალწული მარიამი, რომელზედაც გარდამოვიდა სული წმიდა და მასში ხილულად გამოგვეცხადა უხილავი სიტყვა მამისა; ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი განაღმრთოს; კაცთა მოდგმის მხსნელი დამდაბლდა, რათა ადამიანი ზეცად აღამაღლოს.

ქრისტეს შობის ნათელმა ბეთლემის გამოქვაბული სამყაროს სულიერი მიზიდულობის ცენტრად აქცია; უცხო ქვეყნის ელჩებს ბეთლემისკენ მიუძღვის და მიაცილებს ზეცაში სასწაულებრივად გამოჩენილი ვარსკვლავი; ბაბილონიდან მოსული მოგვები ახალშობილს ძღვნად მიართმევენ ოქროს, გუნდრუკსა და მურს; ოქროს – როგორც მეფეს, გუნდრუკს (საკმეველს) – როგორც ღმერთს და მურს (ნელსაცხებელს) – როგორც კაცს. ამ დღის მოლოდინში ათასწლეულები გამოიარა ადამის მოდგმამ.

აღუწერელია შობა შენი, უფალო! გამოუთქმელია ამ შობის საიდუმლო, მისი სამეუფო დიდებულება და იმავდროულად წმიდა უბრალოება. თვით ანგელოსთათვისაც კი მიუწვდომელია ეს საიდუმლო, რაც ყოველგვარ სოფლიურ სიბრძნეს აღემატება.

„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ამ წმიდა საგალობელით ანგელოსთა დასი სამყაროს ამცნობს ახალი დროის დადგომას; სამყაროს მარადიულ ჰიმნად გაისმის ეს სიტყვები დღესაც, და შეგვახსენებს საღვთო კურთხევას, მოგვიწოდებს გავუფრთხილდეთ დედა ეკლესიას და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

იესო ქრისტემ, თავისი განკაცებით, თითოეულ ადამიანს მიანიჭა ღვთის შვილად წოდების პატივი და პიროვნული განვითარების უსასრულო პერსპექტივა და ამიტომაც, ამ ქვეყნად ღმერთის განკაცება, ქრისტეს შობის სასწაულებრივი მოვლენა, არასდროს დაკარგავს მნიშვნელობას.

იესო ქრისტეს შობა ახალ დაბადებასთან, ახალ (და)საწყისთან არის დაკავშირებული. ახალი დაბადება კი გვიხსნის გზას ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ; ამ შესაძლებლობათა შორის ადამიანისთვის უმთავრესი აღმოჩენა უნდა გახდეს საკუთარი თავი („მე“) და სხვა ადამიანი (სხვა „მე“). ამ ორ „მე“-ს შორის ორგანულ კავშირს თუ აღმოვაჩენთ, მაშინ ღმერთი გვიპოვია.

ეს გზა დაგვეხმარება ჩვენი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთ ორგანიზებაში, გონივრული და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებაში; დაგვიცავს ყველაზე საშინელი და მომაკვდინებელი „ვირუსისგან“, რასაც ეგოიზმი ჰქვია.

ძვირფასო ძმანო და დანო, სულიერნო შვილნო,ჩვენი შემოქმედი ღმერთი არის მარადმყოფი არსება (სული – ინ.4,24), რომელიც არავის შეუქმნია; მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ამის შემეცნება ადამიანს მთელი თავისი არსებით ძალუძს; და ეს უნდა მივიღოთ ცნობიერი რწმენითა და მორწმუნე გონებით.

ღმერთი არის სამპიროვანი: მამა, ძე და სული წმიდა. იესო ქრისტე არის სიტყვა მამისა, რომელიც სული წმიდის მადლით ჩაისახა ქალწულ მარიამში და მიიღო მისგან ადამიანური სხეული; იესო ქრისტე არის ყოვლადწმიდა სამების თანასწორი და სრულფასოვანი წევრი (სხვა წევრებთან მიმართებით იგი არც მეტია და არც ნაკლები). ამიტომ ვამბობთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი სრული (ინ. 1,4) და კაცი სრული. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავთ, რომ სწორი სულიერი წარმოდგენა გვქონდეს იმ მოვლენის შესახებ, რასაც ჩვენ ვდღესასწაულობთ.

იესო ქრისტეს განკაცება, ხორცშესხმა, მოხდა დროში; დროში არსებობს ფიზიკური სამყარო, დროში იბადებიან ადამიანებიც; დროს აქვს სამი განზომილება – აწმყო, წარსული და მომავალი. ამ სამივე განზომილებას აერთიანებს მარადიულობა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ღმერთმა იცის ყველაფერი, რაც იყო, არის და იქნება. მან უწყის ასევე ჩვენს შესახებაც – დაბადება, ცხოვრება და გარდაცვალება.

ადამიანი არის ღმერთის უნიკალური ქმნილება, რომელსაც, ჯერ კიდევ დროში მყოფს, შეუძლია მარადიულობის გემო იხმიოს. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი თავის აწმყოს აფუძნებს წარსულის გამოცდილებაზე და ორიენტირებულს ხდის მომავალზე. ადამიანში მარადიულობის განცდის ასეთი გამოვლინება, მართალია, მასში პიროვნული, ინდივიდუალური (განუმეორებელი) სახით აღიბეჭდება, მაგრამ, ამასთანავე, მას კაცთა მოდგმის ერთიანი სხეულის ორგანულ ნაწილადაც ხდის. ამ ქმედებით ადამიანი მიემსგავსება ღმერთს. ამას კი სჭირდება უპირობო სიყვარული ღმრთისა და ადამიანის მიმართ. დაე, ღმერთმა კაცთა შორის განამრავლოს ნიჭი სიყვარულისა! სიყვარულშია ჩვენი გადარჩენა! სიყვარულშია სიცოცხლე და საუკუნო სასუფეველი ღმრთისა!

ერთი წელი შესრულდა, რაც ე.წ. ახალმა კორონავირუსმა (COVID 19) მოიცვა მთელი მსოფლიო და გლობალური გამოწვევის წინაშე დააყენა კაცობრიობა. დღემდე უცნობი ბუნების მქონე ვირუსულ დაავადებას უამრავი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, ექიმები, ექთნები, სანიტრები, რაც დიდ ტკივილთან და მწუხარებასთან არის დაკავშირებული. გულითადად ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ვირუსი წამლავს და ასუსტებს ადამიანის ორგანიზმს, რაც, რიგ შემთხვევებში, საბედისწერო გართულებებს იწვევს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას; მეცნიერები ჯერ კიდევ დაკვირვებისა და შესწავლის პროცესში არიან; ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს სიბნელეში სიარულს, როცა არ იცი, რას გადაეყრები და ხელის ცეცებით მოძრაობ. სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივ ყოფაში დაწესებული სხვადასხვა სახის სავალდებულო შეზღუდვები უკიდურესად ართულებს ადამიანების ცხოვრებას და ყველაფერთან ერთად ქმნის მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს. ამ უმძიმესი მდგომარეობის დაძლევას მხოლოდ სოლიდარობითა და თანადგომით თუ შევძლებთ….

და მაინც, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ქრისტეს შობის დღესასწაულს სიხარულით ვხვდებით, რადგან მასშია ჩასახული იმედი გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრებისა; მასშია საფუძველი ჩვენი საყოველთაო სიხარულისა.

ქრისტესმიერ საყვარელო, შეგეწიოთ ქრისტეს შობის მადლი!გილოცავთ დღესასწაულს!

„შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო,აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა,რამეთუ რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ,ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი,მზეო სიმართლისაო,რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად,უფალო, დიდება შენდა“.

ჩვენთან არს ღმერთი!

ფოთი

ქრისტეს შობა 2020/2021

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων