08/08/2022 08/08/2022 გრიგოლის სიტყვა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ თანამემამულეთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. ქრისტესმიერ საყვარელო სამწყსოვ, ძვირფასო სულიერნო შვილნო! დღეს ჩვენ ვიხსენებთ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სამშობლოს მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, რასაც მოჰყვა საქართველოს სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ათასობით ადამიანთა იძულებითი დევნილობა მშობლიური საცხოვრებელი ადგილებიდან, შემდგომი უმძიმესი შედეგებით;...
08 Αυγούστου, 2022 - 17:04

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ

Διαδώστε:
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ

გრიგოლის სიტყვა
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ თანამემამულეთა
სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.
ქრისტესმიერ საყვარელო სამწყსოვ, ძვირფასო სულიერნო შვილნო!
დღეს ჩვენ ვიხსენებთ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სამშობლოს მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, რასაც მოჰყვა საქართველოს სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ათასობით ადამიანთა იძულებითი დევნილობა მშობლიური საცხოვრებელი ადგილებიდან, შემდგომი უმძიმესი შედეგებით; ოკუპირებულია ქართული სახელმწიფოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
მას შემდეგ გავიდა 14 წელი, მაგრამ ჭრილობა არ ხორცდება; ტკივილი არ შუშდება; შექმნილი ვითარების გაჯანსაღების პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება, რაც უმძიმეს ტვირთად და ტკივილად აწევს საქართველოს. 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში დასადგურებული დაუცველობის განცდა, უკრაინაში დღეს მიმდინარე ომის ფონზე მოსახლეობაში კიდევ უფრო ზრდის მოსალოდნელი საფრთხის განცდას და შიშს ბადებს, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს.
სახელმწიფო, რომელთანაც საქართველო საომარ მდგომარეობაშია, არის ჩვენი მეზობელი, თუმცა მისთვის საქართველოსთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი; შესაბამისად, არც განჭვრეტად მომავალში უჩანს ამას კარგი პირი.
ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ვფიქრობთ სად არის გამოსავალი?
რა გზა რჩება ჩვენს სამშობლოს იმისთვის, რომ შეძლოს ამ მუდმივ საფრთხესთან გამკლავება და საკუთარი შვილებისთვის (მოქალაქეებისთვის) მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა?
პასუხი ასეთია:
– ან საფრთხის წყარო (რუსეთი) უნდა გარდაიქმნას იმგვარად, რომ ის საფრთხეს აღარ ხედავდეს საქართველოს განვითარებაში,
– ან საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც შესაძლებელს გახდის არსებული მდგომარეობის დაბალანსებას ისე, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინაშე არსებული საფრთხეები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მეზობელთან კეთილი ურთიერთობა უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ გარემოს შექმნა ორმხრივ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული; დიდი სახელმწიფოს ინტერესებმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მცირე სახელმწიფოს ინტერესებს და არ უნდა შეზღუდოს მისი თავისუფლება; მეტიც, არ უნდა ეცადოს მის შთანთქმას; ყოველმხრივ დაცული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემისა და თავისუფლების მთავარი პრინციპები.
ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ურთიერთობისას თავისუფლება რეალიზდება (მჟღავნდება) სხვისი აღიარების უნარში, თან იმგვარად, რომ არ დაზიანდეს რომელიმე მხარის სასიცოცხლო ინტერესები.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ დიდი სახელმწიფოს მეზობლად არსებული მცირე სახელმწიფოს ბედი მეტად რთულია, მით უფრო, თუ პირველ მათგანს იმპერიული ზრახვები გააჩნია; მაგრამ იმავდროულად სწორედ ეს გარემოება აიძულებს მცირე სახელმწიფოს, რომ არსებობისთვის, სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის, მუდმივ მზადყოფნაში იყოს მოსალოდნელ საფრთხეებთან გასამკლავებლად. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ქართველი ერი არსებობს და ამ არსებობაში ღვთის სასწაულთან ერთად, ჩვენ ვხედავთ ჩვენთა წინაპართა მუდმივ საბრძოლო სულისკვეთებასა და თავისუფლებისკენ სწრაფვას.
ასე გადარჩა ჩვენი სამშობლო და დღემდე შეინარჩუნა უძველესი კულტურა და თავისი ჭეშმარიტი მრწამსი! ამიტომაც გვმართებს ჩვენი დიდი წინაპრების გზის ერთგულება, მათი მებრძოლი სულის დაფასება და პატივისცემა.
ყურადღებას გავამახვილებ ასევე რუსეთთან ერთმორწმუნეობის საკითხზეც, რადგან ამასთან დაკავშირებით არც თუ იშვიათად გამოითქმის უსაფუძვლო მოლოდინები.
ადამიანთა (ან სახელმწიფოთა შორის) ურთიერთობაში ერთმორწმუნეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუკი ის გაგებულია როგორც (ა) სულიერ ღირებულებათა ერთობლიობა და იმავდროულად თანხვედრაშია მხარეთა სტრატეგიული ინტერესებთან, ან (ბ) წინააღმდეგობაში არ მოდის ეროვნული თვითგამორკვევის საფუძველმდებარე პრინციპებთან.
ცხოვრება გვაჩვენებს, რომ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ერთმორწმუნეობა, თუკი მას სულიერ ასპექტში გავიაზრებთ, არის ოდენ რელიგიური კატეგორია და მისთვის პოლიტიკური დატვირთვის მინიჭება, ხშირად, სატყუარაა! საქართველოსა და რუსეთის ურთიერთმიმართების ხანგრძლივი ისტორია სწორედ ამას გვაჩვენებს.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ერთმორწმუნეობის საფარქვეშ სათავე დაედო მძიმე ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც თანდათან ეროვნული ჩაგვრის ეფექტურ და ძლიერ ინსტრუმენტად იქცა.
ერთმორწმუნეობის ფასს უკრაინის მაგალითზეც კარგად ვხედავთ.
და ბოლოს,
კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა დღემუდამ მზად უნდა იყოს საკუთარი ტერიტორიის, მოსახლეობის, მრწამსისა და ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს!
მწამს და მჯერა, რომ ღვთის რწმენა და სამშობლოს სიყვარული ერთმანეთს გვაპოვნინებს; ერთობით კი შეუძლებელსაც შევძლებთ!
ჩვენ ვლოცულობთ სამშობლოსთვის თავდადებულ მამულიშვილთათვის, სულთა მათთა საცხოვნებლად და სახელთა მათთა უკვდავსაყოფად.
საუკუნოდ იყავნ ხსენება თქვენი, ღირსნო ნეტარებისანო და სამარადისოდ ხსენებულნო მამულიშვილნო.
სულმან თქვენმან კეთილსა შინა განისვენოს, და ნათესავმან თქვენმან დაიმკვიდროს ქვეყანა, ამინ!

ფოთისა და ხობის ეპარქია

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων