ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდი შედგა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდი შედგა.
1990-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 იდენტიფიცირებული გადმოასვენეს, მათგან ორი სამხედრო და ცხრა სამოქალაქო პირია.
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სამების საპატრიარქო ტაძარში გარდაცვლილთა სულების საოხად პანაშვიდი აღასრულა. თანამსახურებდნენ სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია (ნასიძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო პირები.
პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და რიგითი მოქალაქეები.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა:
„ძვირფასო მამებო, ჭირისუფლებო, ძმებო და დებო!
კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს დიდ მწუხარებას. ეს ჩვენი საერთო მწუხარებაა, ერთად ვიხსენიებთ ჩვენს გმირებს, სულიერ შვილებს, ძმებს და დებს, რომელნიც სამშობლოსთვის აღესრულნენ აფხაზეთში, იმ საშინელ ომში. ასევე ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მათთან ერთად აფხაზებსაც, ვიხსენებთ ცხინვალის ომსაც, ცხინვალში დაღუპულ ჩვენს ძმებს და დებს, როგორც ქართველებს, ასევე ოსებს.
ღმერთმა აცხონოს მათი სულები. ღმერთმა მოაშუშოს ჩვენი დიდი ჭრილობა და მოგვცეს მადლი დიდი შერიგებისა, რომ მოხდეს ჩვენი შერიგება; აღარ განმეორდეს არასდროს ეს ძმათა მკვლელი ომები, არამედ შევრიგდეთ და ჩვენი ძმური თანაცხოვრება, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, ასე გაგრძელებულიყოს – გვეცხოვროს ერთიან ქვეყანაში მშვიდობით და ღვთის წყალობით.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“.
ფოტო: ნინო სოზაშვილი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










