ხსენება წმიდისა მღვდელმოწამისა მიქაელ ყულოშვილისა
ხსენება წმიდისა მღვდელმოწამისა მიქაელ ყულოშვილისა ჰერეთში წამებულისა 22 (05.07) ივნისი.
მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილი დაიბადა 1825 წელს, კახში. 1857 წელს მოინათლა, ადრეული ასაკიდან შეისწავლა წერა-კითხვა, მშობლიური ენის გარდა საუბრობდა და კითხულობდა აზერბაიჯანულ, უდიურ, სომხურ და რუსულ ენებზე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. დიდია მისი როლი და დამსახურება კუთხის საგანმანათლებლო საქმეებში. 1858 წელს საკუთარი სახსრებით, შენობის უქონლობის გამო, ჰერეთში, საკუთარ სახლში პირველი სამრევლო ორკლასიანი სკოლა გახსნა. 1865-1870 წლებში სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხელმოკლე ოჯახის შვილებს.
1870 წელს აკურთხეს მღვდლად, იგი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში. 1917 წელს რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის და ჰერეთში მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა ზაქათალას ოლქი შიშის გამო მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. მუსავატთა მუქარის მიუხედავად მამა მიქაელი ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფლებში და აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
1917 წლის 1 ნოემბერს, წირვის დასრულების შემდეგ, მამა მიქაელი სახლში ბრუნდებოდა, მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო, სოფლის ხიდთან მას კაცი შემოხვდა რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა, მამაო უცნობს მიენდო და როგორც კი სახლში შეაბიჯა, მას იქ ჩასაფრებული მკვლელები დახვდნენ. იგი შებოჭეს და სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, მას ხანჯლით დაადგნენ თავს, მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს მოძღვარს უთქვამს – „ადამიანის ბოლო მაინც სიკვდილია. მაშ მომკალით წმიდა სამების სახელით, სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს სარწმუნოებას“. მკვლელებმა მას თავი მოჰკვეთეს. ადგილობრივებმა მღვდელმოწამის ნაწამებ გვამს ტყეში მიაგნეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, საინგილოს მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
2012 წლის 5 ივლისს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის (რომელიც იმ დროს გახლდათ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი) მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მღვდელი მიქაელ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 22 (05.07) ივნისი დააწესა.
ვულოცავთ ჰერეთში (საინგილოში) მცხოვრებ ქართველებს მათი მფარველი წმინდანის ხსენების დღეს, შეეწიოს მისი ძალა და მადლი მათ და სრულიად საქართველოს, ამინ.

მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










