ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლს ვულოცავთ 70 წლის იუბილეს.
მრავალი წლის განმავლობაში მიტროპოლიტი გრიგოლი ემსახურება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ზრუნავს აკადემიურ განათლებასა და მეცნიერებაზე. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დაარსება და მისი შემდგომი განვითარება უშუალოდ უკავშირდება მიტროპოლიტ გრიგოლის ხედვას, ძალისხმევასა და შრომას. მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა აკადემიური სივრცე, რომელიც ქრისტიანული ღირებულებების, აკადემიური თავისუფლებისა და თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტების ერთგულებით ემსახურება განათლებასა და სამეცნიერო აზრის განვითარებას.
მიტროპოლიტ გრიგოლს გამორჩეული ღვაწლი მიუძღვის ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენის საქმეში. მისი მხარდაჭერით განხორციელდა ასობით საგამომცემლო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ინტელექტუალური ტრადიციის კვლევასა და პოპულარიზაციაში. განსაკუთრებით აღსანიშნია მისი მრავალწლიანი ზრუნვა XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოაზროვნის, იონა ხელაშვილის მდიდარი მემკვიდრეობის შესწავლისა და გამოცემის მიმართულებით.
ოცდაათწლიანი მღვდელმთავრობის მანძილზე მიტროპოლიტ გრიგოლის ძალისხმევით აშენდა, აღდგა და განახლდა ოცდაათზე მეტი ეკლესია და მონასტერი, მისივე ინიციატივით დაარსდა ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა, რომელიც ოც წელზე მეტია ემსახურება ახალი თაობების აღზრდასა და განათლებას.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, ვუსურვებთ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და კვლავაც ნაყოფიერ მოღვაწეობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, განათლების, მეცნიერებისა და ჩვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










