20/10/2026 20/10/2026 მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და ბულგარეთის პატრიარქ დანიელის სიტყვვები ბულგარეთის უწმინდესი ეკლესიის სინოდალურ სასახლეში მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური მიღებისას 17 ოქტომბერი, 2026 წელი მსოფლიო პატრიარქის სიტყვა: “უნეტარესო მიტროპოლიტო სოფიისა და პატრიარქო სრულიად ბულგარეთისა, უფალო დანიელ, ბულგარეთის უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდის თავმჯდომარევ, უპატიოსნესო ძმებო, იერარქებო, გულწრფელად გიხდით მადლობას თქვენი, ჩვენი საყვარელი უნეტარესობის, გულთბილი და კეთილი სიტყვებისათვის, ასევე ყველას...
20 Οκτωβρίου, 2026 - 18:32

მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და ბულგარეთის პატრიარქ დანიელის სიტყვვები სოფიაში, ბულგარეთის უწმინდესი ეკლესიის სინოდალურ სასახლეში მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური მიღებისას

Διαδώστε:
მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და ბულგარეთის პატრიარქ დანიელის სიტყვვები სოფიაში, ბულგარეთის უწმინდესი ეკლესიის სინოდალურ სასახლეში მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური მიღებისას

მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და ბულგარეთის პატრიარქ დანიელის სიტყვვები ბულგარეთის უწმინდესი ეკლესიის სინოდალურ სასახლეში მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური მიღებისას

17 ოქტომბერი, 2026 წელი

მსოფლიო პატრიარქის სიტყვა:

“უნეტარესო მიტროპოლიტო სოფიისა და პატრიარქო სრულიად ბულგარეთისა, უფალო დანიელ, ბულგარეთის უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდის თავმჯდომარევ,

უპატიოსნესო ძმებო, იერარქებო,

გულწრფელად გიხდით მადლობას თქვენი, ჩვენი საყვარელი უნეტარესობის, გულთბილი და კეთილი სიტყვებისათვის, ასევე ყველას – ჩვენი და ჩვენი დელეგაციის თბილი მიღებისთვის ბულგარეთის წმინდა ეკლესიის სინოდალურ სასახლეში. მადლობას ვუძღვნით სამწმინდა ღმერთს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გეწვევით და ქალაქების დედაქალაქიდან (კონსტანტინოპოლიდან) და მოგვაქვს თქვენთვის ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, როგორც იგი ეკლესიაში დააუნჯა სულიწმინდამ.

ჩვენ მოგვაქვს ქრისტეს წმინდა დიდი ეკლესიის გამოცდილება, როგორც ის ერთობლივად ჩამოაყალიბეს ღვთის მადლმა და ჩვენი პატივცემული წინამორბედების შრომამ, რომლებმაც იგი გაუყალბებლად და შეურყვნელად შემოგვინახეს სახარებისეული მცნებებიდან. ჩვენ მოგვაქვს ის, რასაც ფანარში უცვლელად განვიცდით სულიწმინდის ნაყოფებიდან, როგორც მათ ზეცისმხილველი მოციქული პავლე აღრიცხავს: „სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მოთმინებაჲ“ (გალ. 5:22-23), და ვუძღვნით მათ მსოფლიოს, როგორც დღევანდელი ადამიანებისათვის დროულსა და სასურველს.

უფლისმიერნო ძმანო, ჩვენ მოგვაქვს თქვენთვის სულიერი დედის სითბო და სიყვარული, ჭეშმარიტებისა და მსხვერპლშეწირვის მოვალეობის გამო, რომელიც ეკლესიამ დაგვიტოვა მამათა ხანგრძლივი მეძიებლობისა და სულიერი ღვაწლის შემდეგ ეკლესიის მომავლისათვის, „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“ (ეფეს. 4:13).

სწორედ ეს მრავალფეროვანი საღვთო მადლი მიგვაქვს ჩვენი სამწყემსო მოგზაურობისას ადგილობრივ ეკლესიებში, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტეს სხეულის ერთობა; რათა მკაფიოდ წარმოვადგინოთ ეკლესიის განუყოფლობა; რათა ვაღიაროთ მისი საყოველთაოობა; რათა გამოვხატოთ მისი სიწმინდე, რომლის ზიარნი და თანამონაწილენიც ყველანი ვართ.

კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი ჟამთამიღმიერად წარმოადგენს უფლის საეკლესიო სხეულის ერთობის ხილულ და ჰიპოსტასოვან კავშირსა და, ამავდროულად, მის გარანტს, წმინდა მამათა საყოველთაოდ დადგენილი კანონების შესაბამისად. თუნდაც ეს სიტყვები თეორიებად ჟღერდეს, რეალობაში ისინი წარმოადგენენ აუცილებელ, მკაცრ და ვიწრო გზას, რომელიც მიჰყვება ქრისტეს ცხოვრებას. ეკლესიის რწმენა, საბედნიეროდ, არ არის თეორია, არამედ პრაქტიკა, და თანაც – ტკივილითა და შრომით მოპოვებული. ჩვენ სწორედ ამ მრავალგზის ნაგემ გამოცდილებას ვიზიარებთ დღეს თქვენთან ერთად.

მსოფლიო პატრიარქის ვიზიტები ქრისტეს ადგილობრივ ეკლესიებში არ იმართება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მშვიდი და თავმდაბალი სულისგან განსხვავებული პრინციპებით, რადგან თვითონვე დაგვარწმუნა: „რამეთუ მშვიდ ვარ მე და მდაბალ გულითა“ (მათ. 11:29). ჩვენ გეთსიმანიისეული შეძრწუნებითა და ძლიერი სურვილით ვზრუნავთ პანორთოდოქსული ერთობის უშფოთველ და ყოველგვარი განხეთქილების გარეშე მშვიდობიან დაცვაზე.

ქრისტეს წმიდა დიდი ეკლესია, როგორც შვილებისმოყვარე დედა, საუკუნეთა მანძილზე ზრუნავს დაშლილობათა და დანაწევრებათა აღმოსაფხვრელად. თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ მის სიყვარულს, სულგრძელობას, უშურველობას, სულგრძელ თვისებებსა და, ერთი სიტყვით, მის აღმატებულ მოწყალებას. ამას ვიხსენებთ იმის გამო, რომ სწორედ ასე ისახება ჩვენი ერთობლივი სვლა ქრისტეს ეკლესიის ცხოვრების მდინარებაში.

უნეტარესო და საყვარელო ძმაო, ბულგარეთის ეკლესიის პირველსაყდარზე თქვენი აღსვლის პირველივე საათიდან გამოიჩინეთ გულმოდგინე ზრუნვა ეკლესიის ერთობის დასაცავად – თანაც სრულიად მართლმადიდებლური საქმეებისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე დროის მონაკვეთში. ჩვენ პატივს ვცემთ და ვაქებთ თქვენს კეთილგანწყობას; ვეზიარებით თქვენს წუხილს და იმ სულიერ დუღილს, რაც თქვენ ირგვლივ მყოფ პატივცემულ იერარქიაში მიმდინარეობს. ეს ყოველივე ჯანსაღ ელემენტებს წარმოადგენს ეკლესიის კრებსით მმართველობაში და ჩვენ მათ სერიოზულად ვაფასებთ მთელი მართლმადიდებლობის უზენაესი ინტერესების გათვალისწინებისას.

გარწმუნებთ, რომ ყოველაფერში მივდევდით ჩვენი მამების წმიდამყოფელ და გაკვალულ გზას. არასოდეს და არანაირი მიზეზით არ გადაგვიხვევია დღემდე გადმოცემული სწავლებიდან. რასაც ეკლესია ყოველთვის იქმოდა, იმასვე ვიქმთ ჩვენც დღეს. მხურვალედ ვევედრებით სულიწმინდას, რათა ჭეშმარიტების შესახებ აუწყოს კეთილად შეწუხებულ გულებს, გაანათოს შფოთვაში მყოფთა გონება და დაამშვიდოს მერყევი აზრები. ჩვენ არასოდეს ვშორდებით და არ გადავუხვევთ საეკლესიო გზას; ვრჩებით ურყევნი და უცვლელნი, ანთებული გულით, იესუ ქრისტესთან ერთად ემაუსისკენ მიმავალ აღდგომის გზაზე.

მტკიცედ გვწამს და სანდო იმედი გვაქვს, რომ დროებითი სიძნელეები გაივლის და დავუბრუნდებით ერთობლივ სვლასა და დაბრკოლებათაგან თავისუფალ ერთობას. ერთობის თვითცხად წინაპირობასა და ღირებულებას ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ურთიერდამტევნელობას მართებულად აღწერდა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა ურთიერთობების შესახებ ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის, იოაკიმე III-ის 1902 წლის საპატრიარქო ენციკლიკაზე რუსეთის ეკლესიის პასუხი:

„მაგრამ თავიანთ კერძო ცხოვრებაშიც თითოეულმა ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მარადის უნდა დაიცვას – როგორც ეს ახლაც ხდება – ხსოვნა და შეგნება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან საკუთარი ერთობისა; და რომ მხოლოდ მათთან ზიარებასა და თანხმობაში აქვს მას ჭეშმარიტებისა და საუკუნო ცხოვრების წინდი და წარდგება, როგორც ღვთის ეკლესია. ხოლო ამ ზიარებისა და ერთობის დაკარგვით, იგი აუცილებლად თავადაც დაიღუპება და დაშრება, როგორც ვაზისგან მოწყვეტილი ლერწამი.

ამრიგად, მსოფლიოობის ამ პრინციპის მუდმივი და აქტიური გამოყენება საეკლესიო ცხოვრებასა და პრაქტიკაში, აგრეთვე საკუთარ საეკლესიო წიაღში ამ პრინციპის აუცილებლობის განცდის გაზრდა, კერძო ეკლესიათა ბრძენი წინამძღვრების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს. გვწამს, რომ მათ მიერ გამოჩენილი შეუპოვარი და გულწრფელი რწმენა უხვ ნაყოფს გამოიღებს მსოფლიო ერთობის კურთხეულ ყანაში, ამავდროულად გააცოცხლებს თითოეული კერძო ეკლესიის საეკლესიო ცხოვრებას, შეამკობს მისი შვილების რწმენას, სრულყოფს მათ საუკუნო ცხოვრების იმედსა და მთელ მსოფლიოს მოუვლენს ქრისტეს მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტებასა და ძალას მთელი თავისი ბრწყინვალებით“.

სიტყვის დასასრულს, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას უნეტარესო, თქვენი მოწვევისთვის და თქვენი მხრიდან გამოვლენილი სიყვარულისთვის. წინასწარ განვიცდით ამ დღეებში თქვენთან ზიარების სიხარულს. წმიდა ამბორით ვეხვევით რა თქვენს უნეტარესობას, ვრჩებით მამისა და ძისა და წმიდისა სულის დიდებისმეტყველებაში. ამინ!”

ბულგარეთის პატრიარქის სიტყვა:

“თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,

ყოვლადუსამღვდელოესნო და უსამღვდელოესნო მეუფენო,

საბერძნეთის რესპუბლიკის აღმატებულო ელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში,

პატიოსანო მამებო,

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო,

ჩვენთვის დიდი პატივი და განსაკუთრებული სიხარულია, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კვლავ მიგიღოთ ჩვენ შორის შეძახილით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“, რათა მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ორი მნიშვნელოვანი იუბილის საზეიმო აღნიშვნაში, რომლებიც უკავშირდება სრულიად ბულგარეთის ზეციერი მფარველისა და მეოხის, რილელი მეუდაბნოის – ღირსი იოანე საკვირველმოქმედის ხსოვნას: მისი დაბადებიდან 1150 წლისა და მისი ნეტარი და ღირსეული მიცვალებიდან 1080 წლის შესრულებას. სწორედ ამ საზეიმო დღეებში თქვენი პატივცემული პიროვნების სახით კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლეს წარმომადგენლობას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენს სიხარულს კიდევ უფრო სრულყოფს, რადგან იგი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღირსი იოანე რილელი არის მსწრაფლშემწე, ღვთის წინაშე მხურვალე მეოხი და სრულიად ქრისტეს ეკლესიის სამკაული.

ჩვენ ვიღებთ თქვენს ყოვლადუწმინდესობას, თქვენი დელეგაციის ყველა რჩეულ წევრთან ერთად, როგორც სასურველ და ფრიად საყვარელ ძმებს. ჩვენი გულები ღიაა თქვენთვის, აღვსილი ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით თქვენი ყოვლადწმინდესობისა და კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის მიმართ, საიდანაც შუა საუკუნეებში ჩვენმა წინაპრებმა და წინამორბედებმა მიიღეს წმიდა, უბიწო და მაცხოვნებელი მართლმადიდებლური რწმენა. თქვენი უწმიდესი ეკლესიის მიმართ, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს საყვარელ უფროს და-ეკლესიასა და პირველსაყდარს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში – რომლებთანაც ვიზიარებთ საერთო მოწოდებასა და მოვალეობას, დავიცვათ და დავამოწმოთ ერთობა „ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა“ (იუდა 1,3). ქრისტეს სახელით და მისი საკვირველი მსახურის, იოანე რილელის მოსახსენებლად შეკრებილთ, გვწამს, რომ ქრისტე ღმერთიც ჩვენს შორის არის, როგორც თავად გვეუბნება: „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათე 18,20). დაე, ეს ძმური შეხვედრა, რომლის დროსაც პატივს მივაგებთ და ერთობლივად ვდღესასწაულობთ წმინდანის ხსოვნას და იმავდროულად გამოვხატავთ ჩვენს უფლისმიერ სიყვარულს, კიდევ ერთი მოწმობა იყოს ჩვენი მამების რწმენაში არსებული ერთობისა და ერთაზროვნებისა, განგვამტკიცოს ქრისტესმიერ ცხოვრებაში და უფრო მეტად განამტკიცოს ძმობისა და მეგობრობის წმინდა საკვრელნი ჩვენს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

გისურვებთ, რომ ბულგარეთში თქვენი ვიზიტის მომდევნო დღეები აღავსოს ქრისტესმიერი ზიარების ნათელმა და სიხარულმა და მოგანიჭოთ თქვენ და თქვენს პატიოსან დელეგაციას ახალი, სასიამოვნო და ძმათმოყვარული მოგონებები ჩვენი ქვეყნის მშვენიერებიდან და იმ გულწრფელი და გულმხურვალე სტუმართმოყვარეობიდან, რომლითაც მართლმადიდებელი ბულგარელი ხალხი გამოირჩევა.

მიიღეთ, ყოვლადუწმინდესო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ეს ჯვარი და პანაღიები, როგორც ჩვენი თავმდაბალი პასუხი თქვენ მიერ ჩვენდამი გამოვლენილ სიყვარულზე და როგორც სახსოვარი ჩვენი ღირსი და ღმერთშემოსილი მამის, იოანე რილელის ხსოვნის წლევანდელი დღესასწაულისა.

მშვიდობა და სიყვარული უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ზიარება ყოვლადწმიდისა სულისა იყოს ყოველთა ჩვენთანა!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ყოვლადუწმინდესო! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!”

წყარო: ec-patr.org

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων