27/10/2026 27/10/2026 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მიმართვა ახალნათელღებულებისადმი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს! გილოცავთ, ახალნათელღებულნო, ჩვენო...
27 Οκτωβρίου, 2026 - 16:33

პატრიარქი: ‘ნათლობის საიდუმლოება – ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია’

Διαδώστε:
პატრიარქი: ‘ნათლობის საიდუმლოება – ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია’

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მიმართვა ახალნათელღებულებისადმი

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ,
ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,
ძვირფასო მამებო,
ძმებო და დებო,

გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს!

გილოცავთ, ახალნათელღებულნო, ჩვენო საყვარელო აჭარლებო, ნათლიებო, მშობლებო!

ყველას მოგესალმებით და გილოცავთ დიდი სიყვარულით!

დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვმადლობთ მას და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ კიდევ ერთი დიდებული და ღირსშესანიშნავი დღის მომსწრენი გავხდით.

დღეს აქ, ზემო აჭარაში მოინათლა 1300-ამდე ადამიანი – ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს დღეს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია, იმიტომ, რომ საეკლესიო საიდუმლოებები შეუძლებელია, სრულდებოდეს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი ეკლესია მონაწილეობს საიდუმლოებებში. ამ ნათლობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც, ღვთისმსახურებიც, სამღვდელო მსახურებიც, მგალობლები, ნათლიები – მთელი ეკლესია. ჩვენ, ყველანი, უფალ იესო ქრისტესთან ერთად, დედა ღვთისმშობელთან ერთად – წმინდანებიც და ცოდვილებიც – ვართ ქრისტეს ეკლესიის წევრები, ეკლესია ვართ ყველა, ვინც ქრისტეს სახელით ვართ შეკრებილნი.

და აი, ჩვენ, ყველანი, დიდი საეკლესიო ოჯახი, დღეს ამ ახალნათელღებულებს შევხვდით ემბაზთან ნათლიების მსგავსად და ისინი მივიღეთ ჩვენს დიდ საეკლესიო ოჯახში ჩვენს ახლობლებად.

აი, ამიტომ ხარობს დღეს მთელი ეკლესია; დღეს ახალნათელღებულნი, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „აღარ არიან შვილნი ხორცთანი მხოლოდ (ანუ ხორციელი შვილები), არამედ ღვთის სასუფევლის შვილები გახდნენ“ (რომ. 9, 8). ამას ვზეიმობთ ყველა. ეს ყოველი ჩვენგანის სიხარულია, განსაკუთრებით – აქ, ზემო აჭარაში.

ნათლობის საიდუმლოება, მოგეხსენებათ, არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან, ეშმაკის ტყვეობისგან გათავისუფლების, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ნათლობის საიდუმლოება – ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა, ვერ შევა სასუფეველში“ (ინ. 3, 5).

ნათლობის დროს ადამიანი ხილულად წყლით განიბანება, წყალში ჩადის, მაგრამ უხილავად იგი განიბანება და განიწმინდება სულიწმინდის მადლით. წყალში ჩასვლით ის თითქოს ქრება და კვდება ამასოფლისთვის, შემდეგ კი ამოდის, კვლავ ცოცხლდება და აღდგება ახალი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის.

ადამიანს ეპატიება ყველა მანამდე ჩადენილი ცოდვა, ეპატიება პირველქმნილი ცოდვაც, ურიგდება ღმერთს და, როგორც გითხარით, თავისუფლდება ბოროტის, ეშმაკის ტყვეობისგან, ხდება ეკლესიის წევრი, განიწმინდება და სრულიად განახლდება.

დღეს მოინათლნენ ასევე ზრდასრული ადამიანებიც. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი როცა ინათლება, აუცილებელია ჰქონდეს რწმენა, რადგან რწმენის გარეშე შესრულდება მხოლოდ გარეგნული მხარე ამ მსახურების, ხოლო სულიწმინდის უხილავი ნიჭები ადამიანს არ მიეცემა და ის ვერ მიიღებს იმ მადლს, რაც ნათლისღებით არის დადგენილი უფლისგან.

ასევე, აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს მთავარი დოგმატები ჩვენი ეკლესიისა, რაც არის გადმოცემული სარწმუნოების სიმბოლოში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! დღეს ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს!

მახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით საქმესა უფლისასა“ (I კორ. 15, 58). ესე იგი, მუდამ იმატებდეს თქვენში მისწრაფება ღვთისკენ, საქმეები უფლისა.

დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ ქართველი ხალხი და, საკუთრივ, ჩვენი საყვარელი აჭარლები განაგრძობენ ქრისტესკენ სვლას; მთელი ჩვენი ისტორია ადასტურებს ამას, რომ თუ მტკიცედ ვიდგებით და შეურყევლად ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება, დედა ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და დავძლევთ ყოველგვარ განსაცდელს, საქართველო გაძლიერდება და გამთლიანდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახალნათელღებულები! ძვირფასო ახალნათელღებულებო, გლოცავთ!

ძვირფასო ნათლიებო, ძვირფასო მშობლებო, ახალნათელღებულთა ოჯახის წევრებო, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

მინდა, დავლოცო მთელი აჭარა და დღეს აქ მობრძანებული ადამიანები.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. დედა ღვთისმშობლის მეოხებითა და ლოცვით, ღმერთმა გადაარჩინოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

[ხალხს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ]
…

დიდი მადლობა ყველას, ბატონებო, ასეთი შესანიშნავი, ძალიან ღრმა და თბილი, გულითადი სიტყვებისთვის.

როგორც გვატყობინებენ, ჩვენ ვასახელებთ 1300-ამდე ადამიანს, მაგრამ თურმე ბევრი ადამიანი არ დარეგისტრირდა. ასე რომ, როგორც ამბობენ, შეიძლება 1400 და 1500-იც კი იყოს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

დილით, წირვის შემდეგ ვთქვი, რომ ჩემთვის აჭარა კიდევ უფრო საყვარელი მხარე ხდება, იმიტომ, რომ მე ვხდები ნათლია დღეს მონათლული ბავშვებისა და ზრდასრულებისა.

ასე რომ, კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული.

ახლა დაიწყება თქვენი დალოცვა და პირადად გადმოგცემთ, როგორც ახალნათელღებულებსაც, ნათლიებსაც, ასევე ყველა აქ მყოფს საგანგებოდ საიუბილეოდ დამზადებულ ჯვრებს.

გაგახაროთ ღმერთმა!

გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი შესანიშნავი დღეები!

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიჭაური, სხალთის ეპარქია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

25.10.2026

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων