რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრი განცხადებას ავრცელებს
“2021 წლის 10 აპრილს, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ეპარქიის მონაზონმა იონამ (ერში ლაშა ტუღუში) თავისი მმართველი მღვდელმთავრის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობისა და ეპარქიის ერთ-ერთი კლერიკოსის, მღვდელ-მონაზონ ანგიას (გუნია) მისამართით გააჟღერა არაერთი მძიმე, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური ბრალდება, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან შესაბამისი კანონიკური ხასიათის განმარტება და შეფასება მოჰყვეს.
ეკლესია, როგორც სულიერი მკურნალი, მზად არი, მიიღოს ყველა სულიერად სნეული და მისცეს მას ნუგეში და კურნება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მათ. 9, 12) და მიგვითითებს „ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“ (მათ. 9, 13). შესაბამისად ეკლესია ყოველთვის მზად არის მიიღოს მონანული, გულში ჩაიკრას ვითარცა უძღები შვილისა და გამოუყოს სულიერი ცხოვრებისთვის საუკეთესო ადგილი.
სწორედ ამ სახარებისეულ სწავლებაზე დაყრდნობით, 2017-18 წლებში, ლაშა ტუღუში ხშირად სტუმრად მიღებული იყო რუის-ურბნისის ეპარქიაში, კეხიჯვრის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც მისდამი გამოხატული იყო კეთილგანწყობა და მზრუნველობა. მოგვიანებით თავისი მონაზვნური ცხოვრებისადმი დაუცხრომელი სურვილისა და წინამძღვრის გადაწყვეტილებით შეუერთდა მონასტრის საძმოს კრებულს, როგორც მორჩილი, ხოლო შემდგომ აღიკვეცა მონაზვნად, სახელდებით იონა.
მონაზონ იონას (ტუღუში) აღმოაჩნდა მძიმე ნევროლოგიური დაავადება – ეპილეფსია, რომლის მკურნალობის ყველა ხარჯს წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა მონასტრის მწირი ბიუჯეტი და კეთილმორწმუნე მრევლი, რომელიც სრულიად უფასოდ გადასცემდა მას მკურნალობისთვის საჭირო ანტიეპილეპტიკურ მედიკამენტებს. მოგვიანებით მონაზონმა იონამ (ტუღუში) მრავალგზის გამოიჩინა მონაზვნისთვის შეუფერებელი უღირსი ქცევა და ქმედებანი, რის გამო მიეცა მრავალი გაფრთხილება, საბოლოოდ კი თვითნებურად დატოვა მონასტერი და ეპარქია, რის შემდგომ ჩვენ, ყველამ, ის მოულოდნელად ვიხილეთ სატელევიზიო ეთერში და მოვისმინეთ ის შემზარავი ცილისწამება, რაც მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა. ასეთ დროს, დროესაც ადამიანი არ იჩენს სინანულს თავისი ჩადენილი ცოდვის გამო და კვლავ აგრძელებს ბოროტებას, მაშ „მოისპენ უკეთური იგი თქუენ შორის“ (მეორე რჯული 17, 7). ეკლესიის ვალდებულება ჭეშმარიტების ქადაგებაა (II ტიმ, 2, 15), შესაბამისად ყოველ მღვდელმთავარს დაკისრებული აქვს ვალდებულება, მკაცრად დაიცვას ღვთივგანბრძნობილი მამების მიერ წმიდა და მსოფლიო კრებებზე მიღებული დადგენილებები, რომლებიც არა მარტო სარწმუნოებრივ საკითხებს, არამედ ეკლესიის ადმინისტრაციულ მოწყობასაც შეეხება. ამჯერად კი აღნიშნული საკითხის გადაჭრა მხოლოდ კანონიკური გზით არის შესაძლებელი.
მონაზონ იონას (ტუღუში) ბრალი რამდენიმე კანონიკურ დანაშაულში ედება, რომელთა შემთხვევაში ეკლესია შესაბამის ზომებს მიმართავს, არა იმიტომ, რომ დასაჯოს, არამედ ხელი შეუწყოს ცოდვილს, რომ შეიცნოს თავისი დანაშული და დაეხმაროს სინანულის მიღწევაში. წმიდა მოციქულთა თავი პავლე ბრძანებს: „იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ, განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროისღა წმიდათა წინაშე?“ (I კორ. 6, 1), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბრალმდებელს, ამ შემთხვევაში მონაზონ იონას (ტუღუში) საქმე სწორედ თავისი მმართველი ეპისკოპოსის წინაშე უნდა ეწარმოებინა, როგორც ამას ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების (451) IX კანონი ადგენს, რომ დაუშვებელია სასულიერო პირმა და მონაზონმა გვერდი აუაროს საკუთარ ეპისკოპოსს და საერო დაწესებულებებს მიმართოს სამართლის საძიებად. შემდეგად ყოველ ქრისტიანს გააჩნია ვალდებულება, სადავო საქმე ჯერ უშუალოდ იმ პიროვნებასთან აწარმოოს, ვისაც უყენებს ბრალს, როგორც ამას თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მათე 18, 15-17). შესაბამისად მონაზონმა იონამ (ტუღუში) დაარღვია წმიდა სახარებისეული მითითებანი. გარდა ამისა, ეკლესიას მართებს იმ პიროვნების საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, სანამ მის საჩივარს მიიღებს ეპისკოპოსის თუ სხვა ნებისმიერი რანგის სასულიერო პირის წინააღმდეგ (იხ. ქალკედონის კრების 21-ე კანონი). მონაზვნის მოვალეობა და ვალდებულებაა მორჩილება და მოწაფეობაა და არა დამოძღვრა (იხ. აია სოფიას კრების (879-880), ე.წ. VIII მსოფლიო საეკლესიო კრების II კანონი).
მონაზონ იონას (ტუღუში) ბრალი თავისი მღვდელმთავრისადმი ცილისწამებაში ედება, რაც ბოროტთანამზრახველობად და ეპისკოპოსის წინააღმდეგ ვერაგობად აღიქმება და მონაზვნობიდან სრულიად განკვეთითა და შეჩვენებით ისჯება (იხ. ქალკედონის კრების 18-ე კანონი, ტრულის მსოფლიო კრების 34-ე კანონი, კართაგენის კრების მე-10 კანონი).
შესაბამისად მონაზონ იონას (ტუღუში) მიერ წაყენებული ბრალი ვერ მტკიცდება შესაბამისი სამხილებით, რაც თანახმად კონსტანტინეპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების (381 წ.) VI კანონისა, მღვდელმთავარმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი მონაზვნობიდან განკვეთისა, თუმცა, ამ ეტაპზე, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის დადგენილებით მონაზონ იონას დაედო ერთი საეკლესიო სასჯელი, თანახმად კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმიდა და დიდი კრების მიერ დადგენილი მე-4 კანონისა – მამა იოანას აეკრძალოს წმიდა ზიარების მიღება. ამავდროულად კვლავ მოვუწოდებთ მონაზონ იონას გულწრფელი სინანულისა და კეთილგონიერებისაკენ, რათა წარდგეს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წინაშე, აღიაროს რა თავისი ცილისმწამებლური და ვერაგული შეცოდებანი და ამავდროულად კვლავ წარუდგეს საზოგადოებას, ახლა უკვე სიმართლითა და ჭეშმარიტებით და აღიაროს და შეინანოს, რომ მან ცილი დასწამა თავის მღვდელმთავარსა და წინამძღვარს, ხოლო ურჩობისა და შეუნანებლობის შემთხვევაში, მონაზონი იონა, თანახმად ზემოთ ჩამოთვლილი უწმიდესი საეკლესიო კანონებისა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს, მონაზვნობიდან განკვეთასა და ერისკაცობამდე დაყვანას.
რუის-ურბნისის ეპარქია 13.04.2021”.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










