01/09/2025 01/09/2025 ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია, სადაც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის...
01 Σεπτεμβρίου, 2025 - 18:30

საპატრიარქოს დელეგაცია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია

Διαδώστε:
საპატრიარქოს დელეგაცია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია

ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია, სადაც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკას 2020 წლის გაზაფხულიდან სახმელეთო საზღვრები დაკეტილი აქვს. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციისთვის კი საეკლესიო დღესასწაულებზე გამონაკლისის სახით შესაძლებელი ხდება კახის რაიონში ჩასვლა და ღვთისმსახურების აღსრულება.

საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ბატონი ზურაბ პატარაძე, გენერალური კონსული ქალაქ განჯაში, ბატონი კახაბერ აბდალაძე და საელჩოს წარმომადგენლები.

მიუხედავად იმისა, რომ 28 აგვისტო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო დღე იყო, ღვთისმსახურებას სხვადასხვა თაობის მრავალრიცხოვანი ადგილობრივი მრევლი დაესწრო.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე თეოდორემ წმინდა მღვდელმოწამე მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის განსასვენებელი მოილოცა და გაესაუბრა ჰერელებს, რომელთაც დიდი სიხარული გამოხატეს საქართველოდან დელეგაციის ჩასვლის გამო და მეუფე თეოდორეს მათი მდგომარეობა გააცნეს.

მღვდელმთავარმა ადგილობრივებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა, დღესასწაული მიულოცა და თბილი მიღებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.

სასიამოვნო და სასიხარულო იყო ადგილობრივი ბავშვების გალობის მოსმენა, რომელთაც ახლახანს დაიწყეს გალობის შესწავლა და დედოფლისწყაროდან ჩასულ მონაზვნებთან ერთად და დამოუკიდებლადაც უკვე შეძლეს რამდენიმე საგალობლის შესრულება.

მარიამობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო ,,საყდარ ბებო“, – ქალბატონი ვერა ბერიკაშვილიც, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ქართული ეკლესიის აზერბაიჯანული კანონმდებლობით რეგისტრაციისა და ქართული მხარის ჩართულობით მისი ამოქმედების საქმეში, რასაც სოფლის მოსახლეობა თითქმის საუკუნის განმავლობაში ელოდა (ბოლო წირვა-ლოცვა ამ ტაძარში 1920 წელს ჩატარდა). ეს ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით აწ განსვენებულმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) 2019 წლის 6 ოქტომბერს აკურთხა.

დღეისთვის ისტორიულ ჰერეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორი სასულიერო პირი – დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი და მღვდელი ტარიელ ფოლადაშვილი მოღვაწეობს. მოქმედია კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესია და ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. ამ ტაძრებში ყოველკვირეულად ტარდება ღვთისმსახურება და მორწმუნეებს საშუალება აქვთ დაესწრონ წირვა-ლოცვებს და მიიღონ სულიერი საზრდო.

მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, რომელთა ჩართულობითაც განხორციელდა აღნიშნული ვიზიტი.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων