23/11/2021 23/11/2021 23 ნოემბერს (ახ.სტ.) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა (ბორბალზე წამების დღეს). საქართველოში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ და გამორჩეულად სასოებენ წმიდა გიორგის, რომლის სახელზე ჩვენს ქვეყანაში ასეულობით ტაძარი და მონასტერია აგებული და ნაკურთხი. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი თავისი ისტორიით უკავია ქუთაისის არქიელის გორაზე მდებარე წმიდა გიორგის სახელობის...
23 Νοεμβρίου, 2021 - 16:14

ქუთაისის არქიელის გორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი 130 წლისაა

Διαδώστε:
ქუთაისის არქიელის გორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი 130 წლისაა

23 ნოემბერს (ახ.სტ.) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა (ბორბალზე წამების დღეს).

საქართველოში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ და გამორჩეულად სასოებენ წმიდა გიორგის, რომლის სახელზე ჩვენს ქვეყანაში ასეულობით ტაძარი და მონასტერია აგებული და ნაკურთხი.

მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი თავისი ისტორიით უკავია ქუთაისის არქიელის გორაზე მდებარე წმიდა გიორგის სახელობის ტაძარს, რომელსაც მიმდინარე 2021 წელს კურთხევიდან 130 წელი შეუსრულდა.

მე-19 საუკუნის შუა წლებში ქუთაისის არქიელის გორაზე რამდენიმე ძველი ტაძარი იდგა, რომელთაგან ღმრთისმსახურება მხოლოდ ერთში, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში აღესრულებოდა. აღნიშნული ტაძარი, რომელიც ძალიან პატარა ზომისა და უბრალო ქვით ნაშენი გახლდათ, ზოგიერთი ცნობით მე-9 საუკუნეში, ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად კი 1500 წელს ყოფილა აგებული.

ტაძრის ტევადობის სიმცირისა (მასში ორმოც კაცამდე ძლივს ეტეოდა) და სიძველის გამო, 1862 წელს მრევლმა გადაწყვიტა ახალი ეკლესიის აგება. მრევლის სიღარიბის მიზეზით, მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა.

1882 წელს ახალმა კომიტეტმა ენერგიულად დაიწყო მუშაობა, შემდეგ შემადგენლობით: მღვდელი იოსებ აბრამიშვილი, ისიდორე და ბესარიონ გაბაშვილები, ვასილ, მაქსიმე და ლუკა აბულაძეები, მიხეილ ქუთათელაძე და დიმიტრი ალავიძე. უწმიდესმა სინოდმა ტაძრის მშენებლობისთვის გამოყო 3000 მანეთი, გენერალ-ლეიტენანტმა გროსმანმა – 800 მანეთი, სიმონ ალერწიანის ქვრივმა – 200 მანეთი, ნიკოლოზ მიხაილოვის ქვრივმა – 150 მანეთი. დიდი შემოწირულობა გაიღეს ტაძრის გალავანში იქვე დაკრძალული კონსტანტინე დადეშქელიანის მემკვიდრეებმა.

1889 წელს დასრულდა ტაძრის აგება. კანკელი დაამზადა ადგილობრივმა ოსტატმა ხუციბერიძემ, ხოლო ხატები კიევ-პეჩორის ლავრიდან გამოიწერეს. ტაძარი ნათალი ქვით ააგეს ბერძენმა ოსტატებმა: გიორგი შაბლახოვმა და ქრისტეფორე თოფალოვმა.

1891 წლის 15 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა წმიდა გაბრიელმა (ქიქოძე) საზეიმოდ აკურთხა ახლადაგებული ტაძარი, რომელსაც 200 მანეთად ღირებული სახარება შეწირა მე-2 გილდიის ვაჭარმა, დიმიტრი ბახტაძემ. 1940 წლის ივნისში კომუნისტურმა ხელისუფლებამ წმიდა გიორგის ტაძარში ღმრთისმსახურება გააუქმა. ტაძრის ენკენიის სახით კურთხევა შეასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე; შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი). 1946-1947 წლებში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკათედრო ტაძარი გახლდათ.

ტაძარში განისვენებენ: ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია, +1964), ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებელი, ანტონ ლორთქიფანიძე, მეუღლესთან ერთად. ტაძრის გალავანში დაკრძალულნი არიან: კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი(1826-1857) და მამია გურიელი(1836-1891).

გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან 2006 წლამდე ხსენებული ტაძრის წინამძღვარი გახლდათ მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი ჟორჟოლიანი, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ტაძრის გალავანში გახლავთ დაკრძალული.

ამჟამად ტაძარში მოღვაწეობენ: წინამძღვარი, დეკანოზი ვახტანგ ჟორჟოლიანი (დეკანოზ გიორგი ჟორჟოლიანის ვაჟი) და დეკანოზი გიორგი კუპრაშვილი.

შეგვეწიოს და მარადის გვმეოხებდეს სამყაროს შემოქმედის წინაშე ქუთაისის არქიელის გორის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში აღვლენილი საღმრთო წირვისა და წმიდა ლოცვის მადლი.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων