განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრების ორგანიზება ეპარქიებში
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრების ორგანიზება ეპარქიებში, რა დროსაც სასულიერო პირთათვის ჩატარდება ,,ღირებულებითი განათლებისა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების” შესახებ საბაზისო ტრენინგი.
შეხვედრას, რომელიც ამა წლის 19 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში შედგა, უმასპინძლა და თავისი აკადემიის სასესიო პავილიონი დაუთმო ბატონმა შალვა ამონაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები გურჯაანისა და ველისციხის, და ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებიდან, რომლის ფარგლებშიც მოხდა მათი საბაზისო გადამზადება.
შეხვედრა გახსნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, თანაწამყვანები იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი და ამავე ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე. ტრენინგი ჩაატარა აგრეთვე ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ,,ღირებულებითი განათლების” ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც დღეს მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










