29/06/2020 29/06/2020 საქართველოში მრავალი მუზეუმი არსებობს, რომელთა შექმნისათვის ცნობილი ქართველი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, არქიტექტორები, მუსიკოსები და საზოგადო მოღვაწეები იღვწოდნენ. საქართველოს მუზეუმის უმდიდრეს ფონდში ისტორიის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ამსახველი ძვირფასი ექსპონატებია დაცული. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (დაარსდა XIX ს.) თავმოყრილია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საეკლესიო, საისტორიო-ეთნოგრაფიული მუზეუმების, ეროვნული გალერეის და სხვა მუზეუმების კოლექციები. ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში...
29 Ιουνίου, 2020 - 20:07
Τελευταία ενημέρωση: 29/06/2020 - 20:09

სამთავროს მონასტერში მუზეუმი დაარსდა

Διαδώστε:
სამთავროს მონასტერში მუზეუმი დაარსდა

საქართველოში მრავალი მუზეუმი არსებობს, რომელთა შექმნისათვის ცნობილი ქართველი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, არქიტექტორები, მუსიკოსები და საზოგადო მოღვაწეები იღვწოდნენ.
საქართველოს მუზეუმის უმდიდრეს ფონდში ისტორიის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ამსახველი ძვირფასი ექსპონატებია დაცული. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (დაარსდა XIX ს.) თავმოყრილია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საეკლესიო, საისტორიო-ეთნოგრაფიული მუზეუმების, ეროვნული გალერეის და სხვა მუზეუმების კოლექციები. ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: შუა საუკუნეების ხატები, მათ შორის: სასწაულთმოქმედი ანჩისხატი და წმიდა თამარ მეფის ეპოქის შედევრი ხახულის კარედი; ტიხრული მინანქრის ნიმუშები, უნიკალური ფარდაგები და ნაქარგობები, ფერწერული ტილოები, ფოტო მასალები, მემორიალური ნივთები, საარქივო მასალები და სხვა.
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის მუზეუმში უამრავი არქეოლოგიური მასალაა დაცული: ქანდაკებები, ანტიკური ხანის ნაკეთობანი, წმიდა მეფეების: დავით აღმაშენებლის, თამარის, რუსუდანის, დემეტრე I-ის, ლაშა-გიორგის, დავით ნარინისა და სხვა მეფეების სახელით მოჭედილი მონეტები… ოქრომჭედლობის ნაკეთობები (ხატები, ჯვრები, გარდამოხსნები, საბუხრეები, სარტყლები, ოდიკები, დაფარნები), ისტორიული დოკუმენტები და სხვა ექსპონატები.
ცნობილია ასევე ივანე ჯავახიშვილის, წმიდა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმ-სამლოცველო, სადაც დაცულია წმიდა ექვთიმეს (მეჭურჭლეთუხუცესი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, ფოტოები, ნივთები, საარქივო მასალები.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილია ძეგლ-მუზეუმი, სადაც თავმოყრილია მართლმადიდებელ წმიდანთა ბრინჯაოს ქანდაკებები. აქვე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხარების ეკლესიაც აიგო.
აღსანიშნავია საქართველოს ძველი და ახალად დაარსებული მუზეუმები: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, დადიანების, ლადო ასათიანის, თელავის, გრემ-ნეკრესის; იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი (1924 წ.), აგებული არქიტექტორ ანატოლი კალგინის მიერ (ანატოლი კალგინი მეუღლესთან ერთად დაკრძალულია სამთავროს მონასტრის სასაფლაოზე). კახეთის მეფეთა პალატა, სადაც წარმოდგენილია მეფეთა ისტორიული დოკუმენტები _ ბეჭდიანი სიგელები; მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი და მრავალი სხვა.

დიდი ისტორიული წარსულის მქონე სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერიც მრავალ სიძველეს ინახავს. მონასტერი VI ს-დან XIX ს-მდე საეპისკოპოსო რეზიდენციას წარმოადგენდა, სადაც მრავალ სიწმიდესთან ერთად ძვირფასი საღვთისმსახურო და სასულიერო წიგნებით აღჭურვილი უმდიდრესი ბიბლიოთეკა არსებობდა. ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, როდესაც დაინგრა და განადგურდა მრავალი ეკლესია-მონასტერი და მათთან არსებული საგანმანათლებლო კერები, გაუქმდა სამთავროს საეპისკოპოსო კათედრაც. ეს ვითარება მძიმედ აისახა სამთავროს მონასტრის ისტორიაში, ვინაიდან სავანემ სწორედ ამ დროს დაკარგა თავისი ძვირფასი ნივთიერი ქონების უმეტესი ნაწილი. 1820 წლიდან, მას შემდეგ, რაც გაუდაბურებული სავანის ადგილას დედათა მონასტერი დაარსდა, მისი ხელახალი აღორძინება დაიწყო. ამ საქმეს სათავეში სავანის სახელოვანი იღუმენიები ჩაუდგნენ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უფროსი და უმცროსი ნინო ამილახვრის ღვაწლი. მათი ძალისხმევით სამთავროს მონასტერმა თავისი ძველი დიდებულება კვლავ დაიბრუნა. თითოეული წინამძღვრის მიერ დანატოვარი ტრადიცია, ნივთიერი წყარო თუ სიწმინდე დღემდეა შემორჩენილი მონასტერში, რაშიც უდიდესი დამსახურება სავანის ამჟამინდელ წინამძღვარს იღუმენია ქეთევანს (კოპალიანი – წინამძღვარი 1991 წლიდან) მიუძღვის. მას წინამძღვრობის პირველივე წლებიდან ყურადღების მიღმა არ დარჩენია წინაპართა დანატოვარი სიძველენი, ყველა ნივთს თავი ერთად მოუყარა და წლების განმავლობაში საგანგებოდ კრძალვით ინახავდა. დედა იღუმენიას სურვილი ჰქონდა ძველ დედათაგან შემორჩენილი საუნჯე არა მხოლოდ მონასტერში მცხოვრებთათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, არამედ განიზრახა ისინი ფართო საზოგადოებისათვის გაეცნო, როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ მიზნით, 2015 წელს მონასტრის ტერიტორიაზე საეკლესიო მაღაზიის გვერდით საფუძველი ჩაეყარა ისტორიული მნიშველობის მქონე მუზეუმის მშენებლობას. ღვთის განგებით, 2016 წლის 2 ნოემბერს, ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეს, მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. ამავე წლის 15 ნოემბერს კი მონასტრის მუზეუმს საპატიო სტუმარი _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეწვია, რომელმაც დიდი შეფასება მისცა მუზეუმის დაარსებას, როგორც ქვეყნისათვის სასარგებლო საქმეს. მისმა უწმიდესობამ თავისი დამოკიდებულება მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნშიც დაამოწმა ხელმოწერით.
მუზეუმის კეთილმოწყობაში იღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევით, ჩართულები იყვნენ გამოცდილი სპეციალისტები: საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე ბატონი მალხაზ ამაშუკელი, რომელიც 25 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი გახლდათ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპერტი, ბატონი ნოდარ ახალკაცი. მათ გვერდით მუზეუმის გამართვაში მონაწილეობას იღებდა ინჟინერ-რესტავრატორი _ გია გვიმრაძეც. პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული კოლექტივის თავდაუზოგავი შრომის შედეგად მუზეუმმა გახსნისთანავე აქტიური ფუნქციონირება დაიწყო.
მუზეუმი კონცენტრირებულია შემდეგ კატეგორიებზე. ესენია: სახვითი ხელოვნება, ისტორია, არქეოლოგია, მეცნიერება და ეთნოგრაფია. ჩამოთვლილ კატეგორიათა ნიმუშები 17-საუკუნოვან ისტორიულ პერიოდს მოიცავენ – მე-3 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით.
სავანის კუთვნილი ნივთების გარდა, მუზეუმის ექსპონატები კოლექციაში სხვადასხვა საშუალებით აღმოჩნდნენ. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი მონასტერმა საჩუქრად მიიღო კერძო პირის არქივიდან. ასეთია: ლევან გოთუას სახარება და მისი გადასახლების დროინდელი მაღაროს ქუდი, რომელიც მისმა ძმისშვილმა მაია გოთუამ სავანეს გადასცა. აქვეა მაია გოცირიძის მიერ შემოწირული ვარდის ხის ძველებური კარადაც. ზოგიერთი ისტორიული ღირებულების ექსპონატი მონასტერმა საგანგებოდ შეიძინა. მაგ: ხევსური ქალის ორსაუკუნოვანი სრული შესამოსელი (სადიაცო, მანდილი, სათაურა, პაჭიჭები, ტყავძირგამოკრული წინდა-თათები, წინდები და გარეთა სამოსი-ქოქლო). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ემ, სავანეს დაუბრუნა საპატრიარქოში დაცული სამთავროს XI საუკუნის კანკელის უნიკალური ფრაგმენტები. მონასტერს ასევე გარკვეული შეთანხმების საფუძველზე გადმოეცა სავანის ტერიტორიაზე არქეოლოგთა მიერ სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ექსპონატები, რომლებიც წლების განმავლობაში მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის კუთვნილებას წარმოადგენდა. ესენია: მინის მძივი (III ს.), თიხის ჭურჭელი (V ს.), პილასტრის კაპიტელის ფრაგმენტი (V ს.), მოჭიქული კერამიკის ნაწილები (XII-XIII სს.) და ანტეფიქსი ჯვრის გამოსახულებით (XII-XIII სს.).
მუზეუმში მონასტრის ყველაზე დიდი სიწმიდე, სვეტიცხოვლის წმიდა ნაწილია დაბრძანებული. აღსანიშნავია, რომ სვეტიცხოველს ცენტრალური ადგილი უკავია წმიდა ნინოს ცხოვრებაში. მოციქულთასწორმა მეფე მირიანმა სვეტიცხოვლის ტაძარი წმიდა ნინოს მინიშნებით, უფლის კვართის ალაგას ააგო. ,,სუეტი ცხოველი” ის მთავარი სვეტია, რომელიც ტაძრის მშენებლებმა ვერ აღმართეს. იგი ღვთის განგებით, წმიდა ნინოს ლოცვით აღიმართა კვართის ალაგას. ,,უფლის კვართი სიმბოლოა ეკლესიის ერთიანობისა, უფლის კვართი გამოსახეს ბაგრატიონთა გერბზე, ვითარცა სიმბოლო ქვეყნის ერთიანობისა, დაუნაწევრებლობისა, ერთიანი ეკლესიის არსებობისა, ერთიანი ენის ფლობისა” (ნესტან სულავა).
ნიკოლოზ გულაბერიძის საგალობელთა მიხედვით, ,,ღმერთმა ისრაელთა მსგავსად, ქართველი ხალხი შეარჩია ,,ერად საზეპუროდ”, რაც გამოიხატა საქართველოში, კერძოდ, სვეტიცხოვლის აღმართვის ადგილას უფლის კვართის დაფლვით, ხოლო შემდგომ ქვეყნის უპირველესი ,,ცათა მობაძავი ტაძრის აგებით”.
კვართის საქართველოში, მცხეთაში დაფლვამ, მცხეთა მეორე იერუსალიმად, სულიერ ქალაქად გარდასახა. როგორც წმიდა მოსემ გამოიყვანა ეგვიპტელთა მონობიდან ებრაელები, ისე წმიდა ნინომ და სვეტმა ცხოველმა იხსნა ქართველები კერპთაყვანისმცემლობის სიბნელისაგან და ქვეყანას ქრისტიანობის ნათელი მოჰფინა.
წერილობითი წყაროების თანახმად, სვეტიცხოვლის წმიდა ნაწილი წმიდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავის ზემოთ მდებარე საიდუმლოდ დაფარულ ნიშში ინახებოდა. ,,და აღესრულა მირიან მეფე, და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სვეტსა სამხრითსა, ჩრდილოთ-კერძო, და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღვთივაღმართულისა მის სვეტისა. და მეორესა წელსა მოკუდა ნანა დედოფალი, და დაეფლა მასვე სუეტსა დასავლით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო” (ლეონტი მროველი, “ქართლის ცხოვრება”). ასე იყო მანამ, ვიდრე 1990-იანი წლების ბოლოს ღირს მამა გაბრიელს საღმრთო გამოცხადებით არ ეუწყა სვეტიცხოვლის ნაწილის შესახებ. ამასთან, ანგელოზმა ის ადგილიც ზუსტად მიანიშნა, სადაც წმიდა ნაწილი იყო დაბრძანებული. ხილვის შემდგომ მამა გაბრიელმა მონასტრის წინამძღვართან და დედებთან ერთად სვეტიცხოვლის ნაწილი ნიშიდან კრძალვით გადმოასვენა და საკურთხეველში ტრაპეზზე დააბრძანა. ამჟამად, სვეტიცხოვლის წმიდა ნაწილი დაცულია ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ვერცხლის ლუსკუმაში, რომელსაც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II შემოწირული თეთრი მარგალიტის მინანქრისჯვრიანი სკვნილი ამკობს.

მუზეუმში ორი კუთხე საგანგებოდაა შექმნილი: ღირსი მამა გაბრიელისა და იღუმენია ნინო ამილახვრისა (უმცროსი), სადაც მათი პირადი ნივთებია დაბრძანებული. წმიდა ბერის კუთხეში ინახება მისი ხელით დაწერილი ანდერძი, შესამოსელი, ჯვარი, დიადემა, ჩაიდანი, ნავთქურა, საათი, სკამი, ქუდი და ნარი, რომელზეც მამა გაბრიელი ესვენა. იღუმენია ნინო ამილახვრის კუთხეს კი ამშვენებს საიღუმენიო ჯვარი და წმიდა მთავრინა ელიზავეტას მიერ გამოგზავნილი სამკერდე ნიშნები. აქვეა მნიშვნელოვანი დოკუმენტი მონასტრის დაარსების ოფიციალური ცნობის შესახებ. სავანის მომდევნო იღუმენიათა პირადი ნივთებიდან მუზეუმის კოლექციაში ინახება იღუმენია ნინო ციციშვილის სკამი და იღუმენია ანა აჭაიძის მიერ მოთელილი დეკორატიული თექა, სკვნილი და საყოფაცხივრებო ნივთები.
ბეჭდური გამომცემლობიდან აღსანიშნავია XVIII-XIX სს-ის საღვთისმსახურო წიგნები – ბიბლია, ახალი აღთქმა და ჟამნი.
სამუზეუმო კოლექციაში ორი მნიშვნელოვანი ხელნაწერი ინახება: პირველი წარმოადგენს საღვთისმსახულო ტიპიკონურ ლოცვათა ჩანაცვლების წესს შესაბამისი რაოდენობის “იესოს ლოცვით”, რომელიც შესრულებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ხელით. ხოლო მეორე ხელნაწერი წმიდა ექვთიმე აღმსარებელის მიერ (კერესელიძე – მონასტრის მოძღვარი 1919-1945 წლებში) გადაწერილი სანოტო კრებულია, სადაც 13 საგალობლის ცალხმიანი ნიმუშებია დაფიქსირებული. კრებული პირველად სამი წლის წინ იქნა ჩართული სამეცნიერო მიმოქცევაში მონოზონი ნინოს (სამხარაძე) მიერ და მის კვლევას რამდენიმე სტატიაც მიუძღვნა. იგი უაღრესად მნიშვნელოვან მუსიკალურ მასალას შეიცავს აღმოსავლურ-ქართული სამგალობლო სკოლის ძველი ტრადიციის შესახებ და ამ მხრივ მუსიკოლოგთა დიდ ინტერესს იმსახურებს.
მუზეუმში გამოფენილია ექსპონატები, რომლებიც მონასტერში მოღვაწე დედათა შემოქმედებასა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას შეიცავს. აქვეა მონოზვნების მიერ შალის ძაფისაგან ნაქსოვი ხალიჩა (ქილიმი), ნაქარგობათა ნიმუშები და XIX საუკუნის ფოტომასალა.
სახვითი ხელოვნების კატეგორიაში თავს იყრის XVIII-XIX საუკუნეებით დათარიღებული ხატწერის ნიმუშები. მათ შორის აღსანიშნავია: ხბოს ტყავზე შესრულებული ხატი წმიდა გიორგისა, რომელიც კათოლიკოს-პატრირქმა ილია II ეთიოპიიდან ჩამოაბრძანა და მონასტერს შესწირა; წმიდა ევსტათი პლაკიდას ოჯახის ნაქარგი ხატი, შესრულებული სოფიო ბაგრატიონ-თარხნიშვილის (ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II მემკვიდრის, გიორგი XII ქალიშვილი) მიერ ვერცხლმკედის, ოქრომკედის, ზეზისა და აბრეშუმის ძაფებით; ტიხვინის ღვთისმშობლის ვერცხლმკედის პერანგი (1757 წ.); იღუმენია ნინო ამილახვრის სენაკის ხატი, ლევკასზე გრავირებული ორნამენტითა და ვერცხლის მოჩარჩოებით და სხვა…
მუზეუმს შესასვლელში წმიდა იოანე კრონშტანტელის მიერ შემოწირული დიდი ზარი ამშვენებს.
ეს მცირედი ჩამონათვალი მხოლოდ გარკვეული ნაწილია სამთავროს მუზეუმის სრული კოლექციისა. დანარჩენი ნიმუშების გაცნობას კი მონასტერში მომსვლელებსა და სიძველეთა მოყვარულებს ინტერესის წყაროდ ვუტოვებთ.

karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων